Tuesday, September 6, 2011

პარიზის დისნეი ლენდი

დისნეი-ლენდი. ისეირნეთ ზღაპრული კოშკების, თავგადასავლების, მხიარული მთების სამყაროში. 12 მილიონი დიდი და პატარა მნახველი მოწმობენ, რომ პარიზის დისნეი-ლენდი არის ევროპის ყველაზე უხვსტუმრიანი და საყვარელი ადგილი.  ატრაქციონებით, შოუებით და სანახაობებით სიამოვნებისთვის 2-3 დღე უნდა გამოყოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ. 

დისნეი-ლენდის მთავარი სანახაობა არის პარკი. აშშ-ს ”მაგიური სამეფოს” მსგავსად პარიზის პარკიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი თემების მიხედვით, რომლებიც უმშვენიერეს მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარს ერტყმიან. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ველურ დასავლეთს, სადაც მოჩვენებების სახლი და იდუმალი მთაა. 


 Adventureland, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, თავგადასავლების სამყაროში მივყავართ, სადაც პირატებს და ავაზაკებს გადავეყრებით. Discoveryland პოპულარული სანახაობაა პარკში, რადგან აქაურობას ფიქტიურ მომავალში გადავყავართ. ფანტაზიების  ქვეყანაში განსაკუთრებით პატარა სტუმრებს უყვართ გასეირნება, რადგან აქ უოლტ დისნეის სამყარო ელოდებათ. დისნეის სტუდია-პარკში შესაძლებელია მისი ფილმების კულისებში შეხედვაც, ასევე სატელევიზიო სტუდიის დათვალიერება. 




  

 

 

 

 

 







Monday, September 5, 2011

პოტსდამი – გერმანიის მშვენება

     პოტსდამი მიმზიდველი და სასიამოვნო ადგილია მოგზაურობისა და დასვენებისთვის. ბრანდერბურგის დედაქალაქი ბევრ საინტერესო სანახაობას გვთავაზობს და სილამაზით ხიბლავს მნახველებს.

ქალაქი მდიდარია სასახლეებით, ბაღებით, ისტორიული ადგილებით. ძველ არქიტექტურულ შედევრებს ახლებიც ემატება. გერმანიის ეს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ერთნაირად საინტერესოა სრულიად განსხვავებული ინტერესების და დასვენების მოყვარულებისთვის. 

    გასულ წლებში ქალაქში შეიქმნა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველა სურვილებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თანამედროვე სასტუმროები, პანსიონატები, კერძო სასტუმროები სტუმრებს ყველანაირ კომფორტს სთავაზობენ. 


    სანსუსის პარკი (Sanssouci Park)
    პოტსდამის მთავარი და მიმზიდველი სანახაობა აერთიანებს ბუნებას, სასახლეებს, პატარა მშვენიერ ნაგებობებს. 2,9 კმ² სიდიდის პარკში არის 2,5 კმ. მთავარი გზა, რომელიც მიუყვება ულამაზეს პატარა მოედნებს ფანტანებით, სკულპტურებით და ყველა ღირშესანიშნაობას თავს უყრის. თუ პარკს მთავარი გზის აღმოსავლეთიდან გაუყვებით, მიადგებით დიდ ფანტანს, საიდანაც სანსოუცის მსოფლიოში ცნობილ სასახლეს იხილავთ. 

    330 მეტრი სიგრძის ორანჟერიის სასახლე იტალიური რენესანსის ტიპის ნაგებობების მიხედვით აშენდა. ორანჟერიის წინ აღმართულია მეფის ქანდაკება, რომელსაც ეს მშვენიერი ნაგებობა მიეწერება: ფრიდრიხ II-ს მარმარილოს ცხენიანი ქანდაკება კრისტიან დანიელ რაუხის ბერლინში აღმართული ბრინჯაოს ქანდაკების მცირე ასლია.
პარკი უხვადაა მორთული ქანდაკებებით. თუ მათ დაითვლით, შესაძლოა 400-ს გადასცდეთ.



    ახალი სასახლე სანსუსის პარკში
    სანსოუცის პარკში მდებარეობს  XVIII საუკუნის უდიდესი ნაგებობა – ახალი სასახლე (1763-69) ორასი დარბაზით, სხვადასხვა ღვთაების 428 ქანდაკებით, რომლებზეც თორმეტი მოქანდაკე და რამდენიმე ათეული ქვის ოსტატი ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა და რთავდა სასახლის ფასადს. სასახლის თეატრს სამხრეთ ფრთაზე ორი ზედა სართული უკავია. 

    აკლდამის ფორმით მოწყობილ სასახლის ერთ-ერთ დარბაზს ამშვენებს უამრავი ლოკოკინას და მოლუსკის ფორმები. ეს დარბაზი ერთ-ერთია 60 დარბაზიდან, რომელთა დათვალიერებაც ნებადართულია. დარბაზები ავეჯით, ფაიფურით, ლამაზი ნივთებით არის მორთული. ახალი სასახლე ფლობს 300 ნახატს. აქ უმთავრესად წარმოდგენილია იტალიელი, ჰოლანდიელი, ფრანგი მხატვრები. სასახლის მთავარი დარბაზი არის მარმარილოს დარბაზი ზედა სართულზე. ფრანგულ სარკეებიან დარბაზს მიმსგავსებული მარმარილოს გალერეა პირველ სართულზე ადრე სასადილო ოთახის როლს ასრულებდა. სამხრეთის ფრთაზე არის ფრიდრიხ II-ს საცხოვრებელი. 

    ახალი სასახლის ჩრდილოეთით მდებარე ანტიკური ტაძარი არის რომის პანთეონის მცირე ასლი. 1830 წლამდე მეფეები ანტიკურ საგანძურს ინახავდნენ, სანამ ამ საგანძურს ბერლინის მუზეუმში გადაიტანდნენ.

    სანსუსის სასახლე
    1747 წლის 1 მაისს ფრიდრის II-მ საზეიმო ბანკეტით გახსნა სანსოუცის სასახლე. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც ზაფხულის რეზიდენცია, მაგრამ მოგვიანებით მეფე მთელ დროს ამ სასახლეში ატარებდა.
    სასახლე ცნობილია მსოფლიოში და მდიდარია ავეჯით, სურათებით, ფაიფურის ნაწარმით, უმეტესად XVIII საუკუნიდან. გერმანული როკოკოს ულამაზეს დარბაზდ ითვლება სარკეებით ოპტიკურად გავრცობილი საკონცერტო დარბაზი, სადაც მხატვრობა, სკულპტურა, ხელოვნება ერთიან სურათს ქმნიან. საკონცერტო დარბაზს უერთდება მისაღები, სადაც სტუმრები მეფის აუდიენციას ელოდებოდნენ. 
    სასახლის ბიბლიოთეკაში 2200 წიგნია დაცული, რომლებიც პოტსდამის ქალაქის სასახლიდან გადმოიტანეს. ფრიდრიხის სამუშაო და საძინებელი ოთახებმა ცვლილება განიცადეს მისი გარდაცვალების შემდეგ. მისმა მემკვიდრემ ვილჰელმ II-მ დარბაზები კლასიკურ სტილში მოაწყო.

    ბორნშტედის მამული (Krongut Bornstedt)
    თავადების მამული წლების მანძილზე რემონტდებოდა და 2002 წლის ზაფხულში გაიხსნა. აქ თქვენ გაეცნობით ბრანდერბურგის და პრუსიის ისტორიას. აქ არის ლუდის სახარში და საცხობი, კაფე და საკონდიტრო, ასევე მანუფაქტურა. თითქოს ცოცხლდება ძველებური საქმიანობა მნახველის წინაშე, კალათების დაწვნა თუ მინის ოსტატობა. ბატოის სახლში კვლავ აღადგინეს კაიზერის სალონები.

    იტალიური სტილის ხორცისფრად და ვარდისფრად შეღებილი შენობების კომპლექსი სანსოუცის სასახლიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. კაიზერმა ფრიდრიხ III-მ და მისმა ინგლისელმა მეუღლემ ეს კომპლექსი საჩვენებელ მამულად გადააქციეს. 
   
    მარმარილოს სასახლე ახალ ბაღში
    ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ 1787-91 წლებში ბრძანა ძვირფასი რეზიდენციის აგება. დღეს ამ სასახლეში უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშებით დატკბობა არის შესაძლებელი. უძვირფასესი ლურჯი ფაიფურის ნაკეთობები მნიშვნელობით და ხარისხით უნიკალურია.
    ზედა სართულზე დარბაზები გარს აკრავს მარმარილოს ცენტრალურ საფეხურებს. აქ განსაკუთრებულია აღმოსავლურ სტილში მოწყობილი დარბაზი.
საბჭოთა არმია სასახლეს ოფიცრების კაზინოდ იყენებდა. 1961 წელს გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სასახლეში არმიის მუზეუმი მოაწყო.

    სესილიას სასახლე ახალ ბაღში
    ყველაზე გვიან და თანამედროვე სასახლეში არის 176 დარბაზი, რომლებიც ხუთი შიდა ეზოთია გამოყოფილი ერთმანეთისგან. დღეს სასახლის ერთი ნაწილი სასტუმროს როლს ასრულებს. სასახლის სხვა ნაწილებში კი მუზეუმია. 
    სესილიას სასახლე 1913-17 წლებში აიგო და აქ ჩატარებული პოტსდამის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო ისტორიაში შევიდა. 1945 წლის 2 აგვისტოს შუაღამეს მრგვალ მაგიდასთან სამი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელი მოეწერა პოტსდამის შეთანხმებას. დიდ ეზოში ყვავილებისგან შექმნილი საბჭოთა ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი არის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დანატოვარი. რადგან საბჭოთა კავშირი ომის მთავარ ტვირთს ატარებდა და წამყვან როლს თამაშობდა, ამ ვარსკვლავის გარშემო შეთანხმდა სამი ძლევამოსილი სახელმწიფოს მეთაური   ომში ერთობლივი მოქმედების შესახებ.  
საკონფერენციო დარბაზი და დელეგაციების სამუშაო ოთახები თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს. როდესაც სასახლე კონფერენციისთვის შეარჩიეს, ორიგინალური ავეჯის ნაწილი გაქრა. ამიტომ სასახლის 36 დარბაზი აღიჭურვა ავეჯით პოტსდამის სხვა სასახლეებიდან და ვილებიდან.
პრინცის ყოფილი სამუშაო და მოსაწევი ოთახები პრეზიდენტმა ტრუმანმა გამოიყენა სამუშაო და თათბირის დარბაზებად. უინსტონ ჩერჩილი პრინცის ყოფილ ბიბლიოთეკაში მოთავსდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირა დატკბა ბაბელსბერგის სასახლიდან გადმოტანილი უძვირფასესი ავეჯით. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან გზა ატლეეს დაუთმო. სტალინმა წითელი სალონი აირჩია, პრინცესას სამუშაო ოთახი. მისი სამუშაო ადგილი იყო ბუხარსა და ფანჯარას შორის საწერ მაგიდასთან. 

    ზედა სართულებზე ტახტის მემკვიდრეების პირადი დარბაზებია, სადაც მათი მუდმივი საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ 1945 წელს მათ სასახლე მიატოვეს და დასავლეთს შეაფარეს თავი.

    ბაბელსბერგის პარკი და სასახლე
    ბაბელსბერგის პარკის ხედი ტბის სიღრმეში, მდინარე ელბის შენაკადი ჰაფელი და განთქმული გლინიკის ხიდი განუმეორებელია თავისი მშვენებით. პეტერ იოზეფ ლენემ პარკს რომანტიული ელფერი აჩუქა. 
    პარკში მთავარი ღირშესანიშნაობაა ბაბელსბერგის სასახლე. 50 წელზე მეტხანს ის იყო პრინც ვილჰელმის, შემდგომში კაიზერ ვილჰელმ I-ის და მისი მეუღლის აუგუსტას საზაფხულო რეზიდენცია. სასახლესა და მის პარკში 1862 წლის 22 სექტემბერს შედგა უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება მეფე ვილჰელმ I-სა და ბისმარკს შორის, რაც დამთავრდა ბისმარკის პრემიერ-მინისტრად და საგარეო მინისტრად აღიარებით.
ინგლისური გოთიკის სტილში გადაწყვეტილი ნაგებობა 1835-1849 წლებში აიგო. გეგმის შემუშავება დაევალათ ცნობილ არქიტექტორებს კარლ ფრიდრიხ შინკელს, ლუდვიგ პერსიუსს და იოჰან ჰაინრიხ შტრაკს. მშენებლობა ორ ფაზად წარიმართა. სასახლეში განსაკუთრებით შთამბეჭდავია საცეკვაო დარბაზი მისი ვარსკვლავებიანი ჭერით და შთამბეჭდავი ინტერიერით. 
    ბაბელსბერგის სასახლე არის პრუსიული სასახლეების და ბერლინ-ბრანდერბურგის ბაღების ფონდის და UNESCO-ს მფარველობაში.
ბაბელსბერგის პარკში სეირნობისას ასევე თვალში მოსახვედრია ულამაზესი პატარა სასახლე, მშვენიერი ფანჩატურები, საჯინიბო, მატროსების სახლი. 

    ბაბელსბერგის ფილმების პარკი
    ფილმების სამყარო ისეთი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. ბაბელსბერგის ფილმების პარკში მნახველებს კულისებში შეხედვა შეუძლიათ. აქ ნახავთ, რამხელა შრომით, სიყვარულით და რამდენი წვრილმანის გათვალისწინებით ხდება ფილმებზე მუშაობა.

   დაძაბული სანახაობა ელის ყველას პარკში, სადაც ტრიუკების ოსტატები, ცხოველების მომთვინიერებლები, პიროტექნიკოსები მნახველებს აოცებენ ოსტატობით. სატელევიზიო სტუდიაში მსურველებს შეუძლიათ მოექცნენ ყურადღების ცენტრში როგორც დიქტორები, სინოპტიკოსები, მენეჯერები. 
    მედიის ქალაქში მოგზაურობით ბაბელსბერგი გვახედებს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში. ასევე მნახველებს შეუძლიათ ახლოდან გაეცნონ პოპულარული მოღვაწეების საქმიანობას.
    პარკი ბევრ სიამოვნებას მოგანიჭებთ, გაგაოცებთ და განგაცდევინებთ. ბავშვებს აქ მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი სანახაობა ელით. 
 
    ჰოლანდიური კვარტალი ისტორიული ცენტრში
    პოტსდამის ცენტრში არის პატრა ჰოლანდიური იდილია ”პატარა ამსტერდამად” წოდებული. 
1734 წელს ჰოლანდიელი კოლონისტებისთვის დაიწყო არქიტექტურული ანსამბლის მშენებლობა. 1742 წელს მშენებლობა დასრულდა. კომპლექსი 100-ზე მეტ ულამაზეს სახლს აერთიანებს მშვენიერი ბაღებით. ჰოლანდიას მოგვაგონებს ასევე წითელი აგურით ნაშენი სახლები, რომლებიც ”პატარა ამსტერდამის” დასრულებიდან 40 წელში აიგო.

    Biosphäre Potsdam
    გერმანიის უდიდესი ბოტანიკური ბაღი წარმოგვიდგენს ჯუნგლებს 20000 მცენარით. 14 მეტრი სიმაღლის ხეები და პალმები მწვანე სახურავს ქმნიან. ბილიკებს ამკობენ ორქიდეები, კაკაოს და ყავის ხეები. ჩანჩქერი, ტროპიკული ტყის შრიალი, წვიმის ხმა ჯუნგლების ატმოსფეროს ქმნიან.
   ტერარიუმი მწერებით, ტროპიკული თევზებით ტროპიკულ ცხოველთა სამყაროს გვაცნობს.

     ჰანს-ოტოს თეატრი
    თეატრის ახალი შენობა ქალაქის ერთ-ერთ ღირსესანიშნაობად იქცა. მისი ხედი ტბის სივრცეში ულამაზესი სანახაობაა. ახალ თეატრში გრძელდება პოტსდამის მდიდარი თეატრალური ტრადიციები. 
    1952 წლიდან თეატრი ჰანს-ოტოს სახელობისაა. ეს იყო უაღრესად ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა გაასამართლა და შემდგომ სიკვდილით დასაჯა. ჰანს-ოტო პირველი  და ყველაზე ავტორიტეტული მსახიობი იყო, რომელიც ნაცისტურ რეჟიმს ემსხვერპლა. ერთ-ერთ ღია წერილში ბერტოლდ ბრეხტი მას მოიხსენიებს, როგორც იშვიათ და მოუსყიდავ პიროვნებას.