ლონდონში ერთმანეთს ხვდება უმდიდრესი კულტურული წარსული და თანამედროვე მჩქეფარე ცხოვრება. ეს ულამაზესი ქალაქი მდინარე ტემზაზე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტურისტული ადგილია მსოფლიოში.
ვესტმინსტერის სააბატო იქმნებოდა სამეფო ოჯახის სხვადასხვა თაობის წევრების მიერ, მეთერთმეტე საუკუნიდან. ამ დროიდანვე ჩაეყარა საფუძველი სააბატოში ინგლისის მეფეების კურთხევას. ეს დიდებული ნაგებობა გვიყვება ინგლისის სამეფო, პოლიტიკურ, საომარ და არისტოკრატიულ ისტორიას.


აქ განთავსებულია მეფეთა, ასევე პოეტების და სასულიერო მოღვაწეების სამარხები. აქ განისვენებენ ელისაბედ I, ჰენრი VII და სხვა უდიდესი ისტორიული პირები. აქვეა უინსტონ ჩერჩილის საფლავი უცნობის ჯარისკაცის საფლავის გვერდით. სააბატოს აქვს საკუთარი გუნდი და საგუნდო სკოლა, რომელიც ელისაბედ I-ის დაარსებულია.
ბუკინგემის სასახლე - როცა დედოფალი სასახლეში იმყოფება, სახურავზე სამეფო დროშა აღიმართება ხოლმე. სასახლე უმდიდრესი არქიტექტურით და ულამაზესი დარბაზებით იზიდავს მნახველს. სასახლეს გააჩნია უმდიდრესი აპარტამენტები. აქ ინახება ბევრი სამეფო და საგვარეულო ძვირფასეულობა.

ბუკინგამის სასახლეში იმართება ბანკეტები მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთათვის, ელჩებისათვის, ასევე გამოფენები სამეფო კოლექციებიდან და სხვა მნიშვნელოვანი ცერემონიები.

ტაუერი - ტაუერის 900 წლისთავთან დაკავშირებით ედინბურგის ჰერცოგი წერდა, რომ ისტორიის მანძილზე ეს იყო სასახლე, ციხე სიმაგრე, სამეფო საგანძურის საცავი, ასევე არსენალი, ციხე, ობსერვატორია, ზოოპარკი, ასევე ტურისტების საყვარელი ადგილი. ამჟამად აქ მუზეუმია, რომელიც მოგვითხრობს მეფეთა და ქვეყნის საომარ მიღწევებზე. აქ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, მაგ. სამსახურის ჩაცმულობა, ტაუერის ცერემონია და ა.შ.

წმიდა პავლეს ტაძარი - მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი საამაყო შედევრი. ის მესამედ აიგო ერთი და იმავე ადგილას 1666 წლის ხანძრის შემდეგ. ეს არის გოთიკური სტილის, თუმცა ეტყობა იტალიური რენესანსის და ბაროკოს გავლენა.

ტაძარი მოქმედია, ამიტომ კვირის მსახურებისას ის ტურისტებისთვის დაკეტილია.
გალერეა თეით მოდერნი - საჩუქარია მესამე ათასწლეულისთვის. ბრიტანეთის ხელისუფლება ამ თარიღისთვის ბევრ სიურპრიზს ამზადებდა. ეს ყველაზე სანუკვარი სიურპრიზია ლონდონელებისთვის და სტუმრებისთვის. განკუთვნილია თანამედროვე ევროპული ფერწერის შედევრებისთვის. ახალი გალერეისთვის საკმაოდ ორიგინალური ადგილი აირჩიეს - ძველი ელექტროსადგური თემზის სამხრეთ სანაპიროზე.

მუდმივი ექსპოზიციების გარდა გალერეაში არის დროებითი გამოფენები, ასევე აქ არის კინო და სალექციო დარბაზები, სამეცნიერო ცენტრი და ევრპოის მუზეუმებში ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია.
მე-7 სართულზე არის კაფე და გალერეა წმიდა პავლეს ტაძრის ულამაზესი ხედით.


მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმი - თქვენ აქ შეხვდებით სამეფო ოჯახის წევრებს, მუსიკის და კინოს ვარსკვლავებს, საშინელებათა ოთახში – ჯალათებს. მუზეუმის დამარსებელი მარი გროსხოლცი ცვილის ფიგურების ცნობილი ოსტატი იყო, ასევე მეფე ლუდოვიკო XVI-ს დის პედაგოგი. საფრანგეთის რევოლუციის ლიდერებმა მას დაავალეს გილიოტინის მსხვერპლთა ნიღბების დამზადება. ფრანსუა ტიუსოზე დაქორწინების შემდეგ ის ლონდონში ჩამოვიდა 19-ე საუკუნის დასაწყისში. მისი ნამუშევრები ცნობილი გახდა მის სიცოცხლეშივე. შემდეგ მისმა შვილიშვილმა ჯოზეფ ტიუსომ ფიგურები გადაიტანა მუზეუმში. ამ დღიდან მუზეუმი საზოგადოებრივ ცხოვრებას უწყობს ფეხს.
მუზეუმის გვერდით არის პლანეტარიუმი, რომელიც ედინბურგის ჰერცოგმა გახსნა 1958 წელს.