Friday, July 1, 2011

მალიორკა - ხმელთაშუა ზღვის მარგალიტი


მალიორკა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში. ის ესპანეთის მთავარი საზღვაო კურორტია. ყოველწლიურად კუნძულს სტუმრობს ოთხ მილიონზე მეტი ტურისტი. მალიორკასთვის დამახასიათებელია რბილი სუბტროპიკული კლიმატი.  ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან მას იცავავს მთები, ზაფხულში კი ზღვა აგრილებს მწველი მზის მცხუნვარებას. კლიმატის გამო მალიორკა მიეკუთვნება კურორტებს, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ მთელი წლის მანზილზე. 


 ბუნება გამორჩეულია ლადშაფტური მრავალფეროვნებით. ის ხელსაყრელია ყველა სახის ტურისტებისთვის, ხმაურის და მხიარულების მოყვარულთათვის, ასევ მშვიდი დასვენების მსურველთათვის. გამორჩეულია იქაური სამზარეულოც, რომელიც თავს გვაწონებს ზღვის პროდუქტებით, იქაური ბოსტნეულით. აქ არ არის განვითარებული მძიმე ინდუსტრია. ამიტომ აქ წარმოებული კვების პროდუქტები გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით მთელს ევროპაში.
დედაქალაქი არის პალმა დე მალიორკა. ის მდებარეობს მისივე სახელობის ყურესთან, ბარსელონადან 244 კილომეტრში. მოსახლეობა 350 ათასს შეადგენს, მაგრამ ზაფხულის თვეებში ეს ციფრი რამდენიმე მილიონს აღწევს.
ქალაქში ერთმანეთთან შერწყმულია სხვადასხვა ხალხის და ცივილიზაციების კულტურა, რომელთა კულტურული ძეგლებიც ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე ქალაქის დინამიურ რიტმს.




პალმა დაარსდა ჩვენს ერამდე 122 წელს რომაელი დამპყრობლების მიერ და აქ რომაელი ვეტერანები დასახლდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობით მისდევდნენ. კუნძული ბევრჯერ გამხდარა დამპყრობლების სამიზნე. შუა საუკუნეებში არაბებმა დაიპყრეს, მე-13 საუკუნეში კატალონიის სამეფომ გამოიხსნა არაბებისგან. კუნძულმა დამოუკიდებლობა მიიღო და მაიორკის სამეფოს დედაქალაქი გახდა. შემდეგ კი არაგონის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
ქალაქის ეკონომიკური და კულტურული აღმასვლა დაიწყო მე-20 საუკუნის შუა ხანებში, როცა მაიორკა ცნობილი საზღვაო კურორტი გახდა.



პალმას საკათედრო ტაძარი
პალმას საკათედრო ტაძარი შუასაუკუნეების გოთიკური ხელოვნების საუცხოო ნიმუშია. კათედრალური ტაძარი აიგო მეჩეთი მედინა მაიუკას ადგილზე. მასზე 300 მეტ წელს მუშაობდა საუკეთესო არქიტექტორების და მოქანდაკეების რამდენიმე თაობა. მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო. მშენებლობა დასრულდა 1587 წელს, მაგრამ მას შემდეგ ბევრჯერ შეიცვალა. XX საუკუნის დასაწყისში მისი ინტერიერი გადააკეთა ანტონიო გაუდიმ. ტაძარი გამორჩეულია მრავალი დიდი სარკმლით, რაც  შუქით ავსებს მას. ტურისტებს ის შორიდანვე თვალს ჭრის. 

 ბელვერის  სასახლე მდებარეობს ქალაქგარეთ, მთაზე, ქალაქის ცენტრიდან 2,5 კმ-ს დაშორებით. ის უნიკალურად ითვლება, რადგან წარმოადგენს მრგვალი ფორმის გოთიკური სტილის ერთადერთ ნაგებობას. აიგო როგორც მეფე ჰაიმე II-ის საზაფხულო რეზიდენცია. სასახლის ტერასიდან იშლება განუმეორებელი ხედი ქალაქის პანორამასა და ყურეზე.




ალმუდაინის სასახლე კათედრალური ტაძრის გვერდით მდებარეობს, აგებულია როგორც არაბული სასახლე. შემდეგ ის იყო მალიორკის მეფის რეზიდენცია. ამჟამად ემსახურება ესპანეთის მეფის ოფიციალურ მიღებებს როდესაც ის იმყოფება მალიორკაზე. 

  
ლა-ლიოჯა მაიორკას გოთიკური არქიტექტურის შედევრია. ის ადრე იყო შენობა, სადაც სავაჭრო გარიგებები მიმდინარეობდა და ვაჭართა კოლეგიები იმართებოდა. დღეს აქ გამოფენები იმართება.


 წმიდა ევლალიას ტაძარი - ეს პირველი ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც პალმაში აშენდა. კათოლიკური გოთიკის საუცხოო ნიმუშია. ის უძველესი და უდიდესი ტაძარია, მეჩეთის ადგილას აგებული. ტაძარში XV საუკუნის შეუფასებელი ფერწერული ნიმუშებია, ასევე იესო ქრისტეს გამოსახულება, რომელსაც, როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მეფე ხაიმე I -ის საკუთრება იყო კუნძულის აღების დროს. ტაძრის ცენტრალური ფასადი დასრულდა XIX საუკუნეში და ნეოგოთიკის სტილშია გადაწყვეტილი. 



            წმიდა  ფრანცისკის მონასტერი  ღირშესანიშნავი ნაგებობაა. მონასტრის პირველი ქვა  თავად მეფემ ხაიმე II დადო. ტაძარში არის გალერეა. ტაძარში დარკძალულია მწერალი, ფილოსოფოსი და ბერი რამონ ლიული.



წმიდა კლარას მონასტერი დაარსდა 1256 წელს კატერინა ბერენგერის, ტარაგონის ანალოგიური მონასტერის წინამძღვრის და მისი დის მიერ მიერ. აგებულია მუსულმანური წარმოშობის ნაგებობის ადგილას, რომლისგანაც წყლის წისქვილის ნარჩენები, სამარხები და ღუმელია შემოჩენილი. 



ეს ბალუარდი არის მალიორკას ახალი მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებისთვის. კატალონიურად ბალურადი ციხე-სიმაგრეს ნიშნავს და ამით მიგვანიშნებს ამ ნაგებობის მდებარეობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე. მუზეუმი აგებულია ციხე-სიმაგრის კედლებს შიგნით. ეს სიმაგრე დანგრევის პირას იყო მისული. ქალაქის ხელმძღვანელობამ მის შიგნით მუზეუმის მშენებლობით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს ადგილი მიუჩინა და  ისტორიულ ადგილსაც განსაკუთრებული ინტერესი და მნიშვნელობა მიანიჭა. მუზეუმი 5. 000 კვ.მ. ფართობისაა. მისი აივნებიდან და ტერასებიდან პალმას ულამაზესი ხედები იშლება. 



 ესპანური სოფელი ”პუებლო ესპანოლი” - ვინც ესპანეთში არ არის ნამყოფი, აუცილებლად უნდა მოინახულოს ესპანური სოფელი პალმაზე. აქ წარმოდგენილია ისტორიული ნაგებობების ნიმუშები მთელი ესპანეთიდან და შესაძლებელია გავეცნოთ ბევრ ესპანურ არქიტექტურულ ძეგლს.
 
დრაკონის მღვიმე - უნიკალური მღვიმეები მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით: დიანას აბაზანა, ფერიების თეატრი, მომაჯადოებელი ქალაქი.
1700 მეტრის მიწისქვეშა მარშრუტი მიუყვება დიდებულ სტალაქტიტების და სტალაგმიტების ხელუხლებელ იდუმალ სამეფოს. ამ მიწისქვეშეთში მთავარი სანახაობა არის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ევროპაში - მარტელის ტბა (სიგრძე 177 მ. სიგანე 40 მ. სიღრმე 5-8 მ.). აქ დროდადრო იმართება კამერული მუსიკის კონცერტები, რომლის დროსაც მუსიკოსები ნელა მიცურავენ სანთლებით განათებული ნავებით. 


ნაგებობები ვეილერის მოედანზე გამორჩეულია პალმას თანამედროვე ნაგებობებისგან, განსაკუთრებით, ”გრან ოტელი”, ქალაქის პირველი სასტუმრო, სადაც ამჟამად მდებარეობს ”ლა კაიშას” ფონდი. აქ მისვლა შეიძლება ფეხით მუნიციპალიტეტის შენობიდან, პლასა-მაიორის მოედნის გავლით.