Tuesday, December 13, 2011

მიუნხენი - ბავარიის მშვენება

ცხოვრების სიმძიმისგან ნახევრად დაზოგილია, ვინც მიუნხენში ცხოვრობს”. ბავარიელი პოეტის ეუგენ როთის ეს გამონათქვამი მშვენივრად ასახავს მიუნხენურ ცხოვრების სტილს. ტურისტებისთვის საყვარელი და ბევრი გერმანელისთვის სასურველი ადგილი არის მიუნხენი. ფართე გამზირები, ბაროკოს სტილის ფასადები ქალაქს სიმდიდრეს და ელეგანტურობას სძენს

ამ უდიდეს ამჟამად თანამედროვე ქალაქს არასოდეს  დაუკარგავს ძველებური პატარა ქალაქის შარმი. მიუნხენი გამორჩეულია უამრავი ლუდის ბაღებით და ლუდხანებით, სადაც მუდამ უხვსტუმრიანობაა

ბავარია

დასავლეთ ნაწილში არის პანთეონი, სადაც აღმართულია 18 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება. ბავარიის მფარველი ქალის სიმბოლური გამოსახულება არის 18 მ. სიმაღლის ბრინჯაოს ქანაკება. ხვეული კიბით შესაძლებელია  ქანდაკების შიდა სივრცეში ასვლა. აქედან მშვენიერი ხედია ტერეზიის მინდოზე და ქალაქის მიმდებარე ქუჩებზე. 

ტერეზიის ველის ამაღლებაზე პანთეონი აიგო 1843-1853 წლებში. განსაკუთრებული ყურადღება ბრინჯაოს ქანდაკებაზე გაკეთდა, რადგან ეს პროექტი ტექნიკურ შედევრად ითვლება. ქანდაკება ლუდვიგ შვანტალერის მიერ დაპროექტდა მეფე ლუდვიგ I-ის დავალებით და ცნობილი ხელოვანის ფერდინანდ ფონ მილლერის მიერ ჩამოისხა. ლეო ფონ კლენცეს მიერ შექმნილი სამფრთიანი გალერეა წარმოადგენდა ცნობილი ბავარიელი პიროვნებების ხსოვნიდადმი მიძღვნილ ტაძარს, რომლებიც ქვეყნის, მეცნიერების, ხელოვნების წინაშე ღვაწლი მიუძღოდათ. მათ პატივსაცემად ბიუსტები არის აღმართული. 1966 წლიდან ეს ტრადიცია გაგრძელდა. 

მიუნხენის საკათედრო ტაძარი Frauenkirche
ტაძარი შორიდან თვალშისაცემი გუმბათით მიუნხენის სიმბოლოდ იქცა. შთამბეჭდავია ორი 99 მეტრიანი გუმბათიანი კოშკი. სამხრეთის კოშკზე ასვლაც შესაძლებელია. აქედან ქალაქის და ალპების ხედით დატკბობა შეიძლება. 

ტაძარი გოთიკურ სტილშია აგებული. შთამბეჭდავია ტაძრის ინტერიერი, ასევე ლეგენდარული ”ეშმაკის ნაბიჯი” შესასვლელთან.
ტაძარში არის უძველესი სამეფო აკლდამა. აქ განისვენებს კაიზერი ლუდგიგ ბაიერი და სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები.
ტაძრის სივრცეში მისი მშენებლობის პერიოდში მიუნხენის ყველა მცხოვრებისთვის იყო ადგილი გათვალისწინებული. მაშინ ქალაქში 13000 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ტაძარი 4000 მომლოცველს იტევს აქ განლაგებული მერხების გამო. და მაინც მისი გრანდიოზულობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1468 წელს ჰერცოგ სიგიზმუნდის მიერ. მშენებლობა 1488 წელს დასრულდა. 1944 წელს ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა, დარბაზის თაღები ნაწილობრივ ჩამოინგრა და ტაძარი გაიძარცვა. ომის შემდეგ ტაძარი ეტაპობრივად განახლდა. მისი რეკონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდა 1994 წელს.

ინგლისური ბაღი
ინგლისური ბაღი არის უდიდესი მსოფლიოს ქალაქებში არსებულ ბაღებს შორის. საუკუნეების მანძილზე ბაღი ცვლილებებს განიცდიდა, მას კვლავ და კვლავ ემატებოდა  ახალი შენობები და გამწვანებები.
 ყველაფერი 1789 წელს დაიწყო, როდესაც კიურფიურსტმა კარლ თეოდორემ მდინარე იზარზე პარკის გაშენების ბრძანება გასცა. პროექტი მან ბრიტანელ ბენჯამინ თომპსონს მიანდო, რომელიც ამავე დროს ბავარიის არმიაშიც მსახურობდა. პარკმა მიიღო ინგლისური ბაღის სახელი, რადგან ის მოწყობილია ინგლისურ სტილში. 
დღეს ბაღი მნახველებს სთავაზობს თავისუფალი დროის მრავალმხრივად გამოყენებას. ველოსიპედისტების და მორბენალების განკარგულებაშია 78 კილომეტრიანი გზების ქსელი. ფეხბურთის მოყვარულებს მინდვრები ელოდებათ. ულამაზეს ხედს სთავაზობს გასეირნების მოყვარულებს მთა ონოპეროსი, რომელიც პარკს ეკუთვნის. 1972 წელს გაიხსნა იაპონური ჩაის სახლი პარკის სამხრეთით. ის ხელოვნურ კუნძულზეა აშენებული. აქ მუდმივად ტარდება იაპონური ჩაის ცერემონიები. 

ინგლისურ ბაღში ლუდის ბაღიც არის, რომელიც 7000 ადგილიანია, ზუსტად ჩინურ კოშკთან. ეს თვალშისაცემი შენობა 25 მეტრიანია და 1789 წლით თარიღდება. ის მრავალჯერ დაიწვა და დაზიანდა, მაგრამ ყოველთვის ორიგინალურ ფორმას იბრუნებდა.
ლუდის სხვა ბაღი მდებარეობს ტბასთან. აქვე არსებული რესტორანი Seehaus უგემრიელესი სამზარეულოთი გამოირჩევა. ზეეჰაუსის უკან პარკის ჩრდილოეთი ნაწილია, რომელიც უფრო წყნარია.

გერმანული მუზეუმი
გერმანული მუზეუმს იზარზე განლაგებულ მუზეუმების კუნძულზე ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს გერმანიაში. ის 1903 წელს დაარსდა ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკა-მათემატიკური მიღწევების გამოსაფენად. ათწლეულების მანძილზე მუზეუმს ახალი განყოფილებები შეემატა. მათ შორის არის ექსპონატები ტრანსპორტის, ფიზიკის, ენერგეტიკის, კომუნიკაციის სფეროებიდან.  
მნახველებს შეუძლიათ გვერდით საწარმოშიც გადაინაცვლონ და დაათვალიერონ სხვადასხვა მოწყობილობები. დიდ საგამოფენო დარბაზებში თითქოს გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავები და ვერტმფრენებია გამოფენილი. აქ ხელით შეხებაც ნებადართულია. გერმანულ მუზეუმში მძაფრად შეიგრძნობა. ტექნიკის მომაჯადოებელი ძალა 

ძველი პეტერი
წმიდა პეტრეს ტაძარი მიუნხენის ერთ-ერთი სიმბოლოა და ქალაქის უძველესი სამრევლო ტაძარია, რის გამოც ხალხმა მას სიყვარულით ”ძველი პეტერი” შეარქვა. ტაძარი ძველი ქალაქის შემაღლებულ ადგილას, პეტერის მთაზეა აღმართული. 
უკვე მე-11 საუკუნეში პეტერის მთაზე ამ ადგილას იდგა ტაძარი. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ბევრჯერ გადაკეთდა და გაფართოვდა. ამით აიხსნება ის განსხვავებული სტილის მიმდინარეობები, რაც ტაძრის ინტერიერშია შესამჩნევი. შთამბეჭდავია საუცხოოდ მოოქროვილი საკურთხველი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, ასევე გრანდიოზული ფრესკები. 
ტაძრის კოშკზე ასასვლელად 306 საფეხურის ავლაა საჭირო, მაგრამ ეს ნამდვილად ღირს, იმდენად ლამაზი ხედი იშლება ამ სიმაღლიდან მიუნხენის სახურავებზე. კარგ ამინდში ალპების დანახვაც შეიძლება.

ახალი რატუშა
ახალი რატუშა აგებულია ფლანდრიული ნიმუშის მიხედვით. შთამბეჭდავი და განთქმულია ზარების რეკვა რატუშის კოშკზე. ეს დღეში სამჯერ ხდება: 11, 12 და 17 საათზე. მიუნხენზე მშვენიერი ხედი აქვს 85 მ.სიმაღლის კოშკს. კოშკზე წვერზე დგას  მიუნხენის კინდლი - პატარა ბერი, რომელიც მიუნხენის დაარსების დროს გვაგონებს. 
მე-19 საუკუნეში მიუნხენის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ქალაქის მმართველობისთვის ახალი შენობის აგების საჭიროების გამო 1867 წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი რატუშის მშენებლობას. რადგან ახალ რატუშას მიუნხენის მოქალაქეების განწყობა უნდა გამოეხატა, მშენებლობაში ადგლობრივი ხელოსნები, მხატვრები, მშენებლები იყვნენ ჩაბმული. შენობამ დასრულებული სახე 1881 წელს მიიღო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის პატარა იყო და მალევე გაფართოების სამუშაოებს ჩაეყარა საფუძველი. სრული კომპლექსი დასრულდა 1867-1909 წლებში.

ნიმფენბურგის სასახლე
ნიმფენბურგის სასახლე მიუნხენის აღმოსავლეთით მდებარეობს და ევროპის უდიდეს სამეფო სასახლეებს შორისაა. ის მიუნხენის უაღრესად მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.  ბაროკოს სტილის საუცხოო სასახლე ულამაზესი ბაღებით იზიდავს მნახველებს მთელი მსოფლიოდან. მიუნხენის მოსახლეობისთვისაც ის საყვარელი ადგილია. 
1664 წელს კიურფიურსტმა ფერდინანდ მარიამ ბრძანა სასახლის აგება. ამით მან საჩუქარი გაუკეთა საყვარელ მეუღლეს, რომელმაც ფერდინანდს დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე მაქს ემანუელი აჩუქა. თავად მაქს ემანუელმა შემდგომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასახლის და ბაღის გაფართოვებაში. 
სასახლე დიდი ხნის მანძილზე იყო ვიტელსბახების დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია. ზოგ დარბაზში ბაროკოს სტილის დეკორაციები შენარჩუნდა, სხვები როკოკოს და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. ავტორიტეტული არქიტექტორები ჯოვანი ანტონიო ვისკარდი, ლაო ფონ კლენზე და ფრანსუა ქუვილიესი მონაწილეობდნენ სასახლის გაფართოვებაში. უკანასკნელმა შექმნა გრანდიოზული ქვის დარბაზი, რომელშიც იოჰან ბაპტისტ ციმერმანმა ცენტრალური ფრესკა მოხატა. აღსანიშნავია ასევე მეფე ლუდვიგ I-ის მხატვრული გალერეა, ასევე ოთახი, სადაც მეფე ლუდვიგ II დაიბადა. 
სასახლეში გვერდით ფრთებზე არის ადამიანის და ბუნების საბუნებისმეტყველო მუზეუმი, ფაიფურის მუზეუმი, სადაც ნიმფენბერგის ფაიფურის საწარმოს ნაწარმია გამოფენილი, ასვე საჯინიბოების მუზეუმი. სასახლის უზარმაზარ პარკში მნახველს მრავალი სანახაობა ელის. პარკი 229 ჰა. ფართობისაა და ულამაზესია თავისი სკულპტურებით, ჩანჩქერებით, ტბებით. 
სასახლის დათვალიერება მხოლოდ ზაფხულის სეზონზე შეიძლება.

ძველი სურათების გალერეა Pinakothek
ძველი პინაკოთეკა არის მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი და უძველესი სურათების გალერეა. ევროპელი ხელოვნების 800-ზე მეტი ნაწარმოები აცოცხლებს ხელოვნების განვითარების გზას შუასაუკუნეების მხატვრობიდან როკოკომდე. ვენეციის ხელოვნება მისი განთქმული ოსტატის ტიციანის მიერაა წარმოდგენილი, ისევე როგორც ნიდერლანდებისა - ფრანს ჰალსის ნამუშევრებით. მუზეუმის მნიშვნელოვანი საგანძურია რუბენსის ნამუშევრები. ასევე აღსანიშნავია ძველი გერმანული მხატვრობა, რომელსაც ალტდორფერი და დიურერი წარმოგვიდგენენ. 

გალერეის შენობა კი ლეო კლენცეს შემოქმედების ნაყოფია და 1836 წლით თარიღდება. ის არქიტექტურის შედევრად ითვლება. გალერეა მიჩნეულია ასევე რომის, სანკტ-პეტერბურგის და სხვა მუზეუმების ნიმუშად. 1998 წლის მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ ძველმა პინაკოთეკამ ახალი ბრწყინვალება შეიძინა.
ალიანც არენა - მიუნხენის ფეხბურთის ტაძარი
მიუნხენის ალიანც არენა არის ფეხბურთის სტადიონი ქალაქის ჩრდილოეთით. სტადიონზე 69.901 მაყურებელი ნაწილდება სამ რიგზე, რომელიც მთლიანად გადახურულია. ქვედა რიგები ძალიან ახლოსაა სათამაშო მოედანთან. 
ალიანც არენაზე პირველი თამაშები გაიმართა 2005 წელს. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აქ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ პორტუგალიის და საფრანგეთის გუნდები. 
სტადიონის მშენებლობა დაიწყო 2002 წელს, მას შემდეგ რაც მშენებლობას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. სტადიონის დათვალიერება შესაძლებელია, როდესაც აქ თამაში არ მიმდინარეობს. 

იზარის კარიბჭე
ისტორიულ ძველ ქალაქს ესაზღვრება იზარის კარიბჭე. ქალაქის კარიბჭე 1285-1347 წლებში აიგო ქალაქის გაფართოების დროს ლუდვიგ ბავარიელის მიერ. 1833 წელს ფრიდრიხ ფონ გერტნერმა ის აღადგინა. მასზე გამოსახულია ფრესკა, რომელიც კაიზერ ლუდვიგის ტრიუმფალურ გამარჯვებას ასახავს. 

მეორე მსოფლიო ომში კარიბჭე მნიშვნელოვნად დაზიანდა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ის აღადგინეს. კარიბჭეს მთლიანად შენარჩუნებული აქვს ორიგინალურობა. 
 
ზოოპარკი Hellabrunn
მიუნხენის ზოოპარკი დაარსდა 1911 წელს, როგორც პირველი გეო-ზოოპარკი მსოფლიოში. წლის ყოველ სეზონზე ზოოპარკი გვთავაზობს შთამბეჭდავ სანახაობას. ცხოველები აქ თავს მშვენივრად გრძნობენ. მნახველები ათვალიერებენ ცხოველებს ხელისშემშლელი გალიების და ბარიერების გარეშე.




Tuesday, September 6, 2011

პარიზის დისნეი ლენდი

დისნეი-ლენდი. ისეირნეთ ზღაპრული კოშკების, თავგადასავლების, მხიარული მთების სამყაროში. 12 მილიონი დიდი და პატარა მნახველი მოწმობენ, რომ პარიზის დისნეი-ლენდი არის ევროპის ყველაზე უხვსტუმრიანი და საყვარელი ადგილი.  ატრაქციონებით, შოუებით და სანახაობებით სიამოვნებისთვის 2-3 დღე უნდა გამოყოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ. 

დისნეი-ლენდის მთავარი სანახაობა არის პარკი. აშშ-ს ”მაგიური სამეფოს” მსგავსად პარიზის პარკიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი თემების მიხედვით, რომლებიც უმშვენიერეს მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარს ერტყმიან. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ველურ დასავლეთს, სადაც მოჩვენებების სახლი და იდუმალი მთაა. 


 Adventureland, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, თავგადასავლების სამყაროში მივყავართ, სადაც პირატებს და ავაზაკებს გადავეყრებით. Discoveryland პოპულარული სანახაობაა პარკში, რადგან აქაურობას ფიქტიურ მომავალში გადავყავართ. ფანტაზიების  ქვეყანაში განსაკუთრებით პატარა სტუმრებს უყვართ გასეირნება, რადგან აქ უოლტ დისნეის სამყარო ელოდებათ. დისნეის სტუდია-პარკში შესაძლებელია მისი ფილმების კულისებში შეხედვაც, ასევე სატელევიზიო სტუდიის დათვალიერება. 




  

 

 

 

 

 







Monday, September 5, 2011

პოტსდამი – გერმანიის მშვენება

     პოტსდამი მიმზიდველი და სასიამოვნო ადგილია მოგზაურობისა და დასვენებისთვის. ბრანდერბურგის დედაქალაქი ბევრ საინტერესო სანახაობას გვთავაზობს და სილამაზით ხიბლავს მნახველებს.

ქალაქი მდიდარია სასახლეებით, ბაღებით, ისტორიული ადგილებით. ძველ არქიტექტურულ შედევრებს ახლებიც ემატება. გერმანიის ეს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქი ერთნაირად საინტერესოა სრულიად განსხვავებული ინტერესების და დასვენების მოყვარულებისთვის. 

    გასულ წლებში ქალაქში შეიქმნა თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყველა სურვილებს და მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თანამედროვე სასტუმროები, პანსიონატები, კერძო სასტუმროები სტუმრებს ყველანაირ კომფორტს სთავაზობენ. 


    სანსუსის პარკი (Sanssouci Park)
    პოტსდამის მთავარი და მიმზიდველი სანახაობა აერთიანებს ბუნებას, სასახლეებს, პატარა მშვენიერ ნაგებობებს. 2,9 კმ² სიდიდის პარკში არის 2,5 კმ. მთავარი გზა, რომელიც მიუყვება ულამაზეს პატარა მოედნებს ფანტანებით, სკულპტურებით და ყველა ღირშესანიშნაობას თავს უყრის. თუ პარკს მთავარი გზის აღმოსავლეთიდან გაუყვებით, მიადგებით დიდ ფანტანს, საიდანაც სანსოუცის მსოფლიოში ცნობილ სასახლეს იხილავთ. 

    330 მეტრი სიგრძის ორანჟერიის სასახლე იტალიური რენესანსის ტიპის ნაგებობების მიხედვით აშენდა. ორანჟერიის წინ აღმართულია მეფის ქანდაკება, რომელსაც ეს მშვენიერი ნაგებობა მიეწერება: ფრიდრიხ II-ს მარმარილოს ცხენიანი ქანდაკება კრისტიან დანიელ რაუხის ბერლინში აღმართული ბრინჯაოს ქანდაკების მცირე ასლია.
პარკი უხვადაა მორთული ქანდაკებებით. თუ მათ დაითვლით, შესაძლოა 400-ს გადასცდეთ.



    ახალი სასახლე სანსუსის პარკში
    სანსოუცის პარკში მდებარეობს  XVIII საუკუნის უდიდესი ნაგებობა – ახალი სასახლე (1763-69) ორასი დარბაზით, სხვადასხვა ღვთაების 428 ქანდაკებით, რომლებზეც თორმეტი მოქანდაკე და რამდენიმე ათეული ქვის ოსტატი ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა და რთავდა სასახლის ფასადს. სასახლის თეატრს სამხრეთ ფრთაზე ორი ზედა სართული უკავია. 

    აკლდამის ფორმით მოწყობილ სასახლის ერთ-ერთ დარბაზს ამშვენებს უამრავი ლოკოკინას და მოლუსკის ფორმები. ეს დარბაზი ერთ-ერთია 60 დარბაზიდან, რომელთა დათვალიერებაც ნებადართულია. დარბაზები ავეჯით, ფაიფურით, ლამაზი ნივთებით არის მორთული. ახალი სასახლე ფლობს 300 ნახატს. აქ უმთავრესად წარმოდგენილია იტალიელი, ჰოლანდიელი, ფრანგი მხატვრები. სასახლის მთავარი დარბაზი არის მარმარილოს დარბაზი ზედა სართულზე. ფრანგულ სარკეებიან დარბაზს მიმსგავსებული მარმარილოს გალერეა პირველ სართულზე ადრე სასადილო ოთახის როლს ასრულებდა. სამხრეთის ფრთაზე არის ფრიდრიხ II-ს საცხოვრებელი. 

    ახალი სასახლის ჩრდილოეთით მდებარე ანტიკური ტაძარი არის რომის პანთეონის მცირე ასლი. 1830 წლამდე მეფეები ანტიკურ საგანძურს ინახავდნენ, სანამ ამ საგანძურს ბერლინის მუზეუმში გადაიტანდნენ.

    სანსუსის სასახლე
    1747 წლის 1 მაისს ფრიდრის II-მ საზეიმო ბანკეტით გახსნა სანსოუცის სასახლე. ის ჩაფიქრებული იყო, როგორც ზაფხულის რეზიდენცია, მაგრამ მოგვიანებით მეფე მთელ დროს ამ სასახლეში ატარებდა.
    სასახლე ცნობილია მსოფლიოში და მდიდარია ავეჯით, სურათებით, ფაიფურის ნაწარმით, უმეტესად XVIII საუკუნიდან. გერმანული როკოკოს ულამაზეს დარბაზდ ითვლება სარკეებით ოპტიკურად გავრცობილი საკონცერტო დარბაზი, სადაც მხატვრობა, სკულპტურა, ხელოვნება ერთიან სურათს ქმნიან. საკონცერტო დარბაზს უერთდება მისაღები, სადაც სტუმრები მეფის აუდიენციას ელოდებოდნენ. 
    სასახლის ბიბლიოთეკაში 2200 წიგნია დაცული, რომლებიც პოტსდამის ქალაქის სასახლიდან გადმოიტანეს. ფრიდრიხის სამუშაო და საძინებელი ოთახებმა ცვლილება განიცადეს მისი გარდაცვალების შემდეგ. მისმა მემკვიდრემ ვილჰელმ II-მ დარბაზები კლასიკურ სტილში მოაწყო.

    ბორნშტედის მამული (Krongut Bornstedt)
    თავადების მამული წლების მანძილზე რემონტდებოდა და 2002 წლის ზაფხულში გაიხსნა. აქ თქვენ გაეცნობით ბრანდერბურგის და პრუსიის ისტორიას. აქ არის ლუდის სახარში და საცხობი, კაფე და საკონდიტრო, ასევე მანუფაქტურა. თითქოს ცოცხლდება ძველებური საქმიანობა მნახველის წინაშე, კალათების დაწვნა თუ მინის ოსტატობა. ბატოის სახლში კვლავ აღადგინეს კაიზერის სალონები.

    იტალიური სტილის ხორცისფრად და ვარდისფრად შეღებილი შენობების კომპლექსი სანსოუცის სასახლიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. კაიზერმა ფრიდრიხ III-მ და მისმა ინგლისელმა მეუღლემ ეს კომპლექსი საჩვენებელ მამულად გადააქციეს. 
   
    მარმარილოს სასახლე ახალ ბაღში
    ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ 1787-91 წლებში ბრძანა ძვირფასი რეზიდენციის აგება. დღეს ამ სასახლეში უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშებით დატკბობა არის შესაძლებელი. უძვირფასესი ლურჯი ფაიფურის ნაკეთობები მნიშვნელობით და ხარისხით უნიკალურია.
    ზედა სართულზე დარბაზები გარს აკრავს მარმარილოს ცენტრალურ საფეხურებს. აქ განსაკუთრებულია აღმოსავლურ სტილში მოწყობილი დარბაზი.
საბჭოთა არმია სასახლეს ოფიცრების კაზინოდ იყენებდა. 1961 წელს გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სასახლეში არმიის მუზეუმი მოაწყო.

    სესილიას სასახლე ახალ ბაღში
    ყველაზე გვიან და თანამედროვე სასახლეში არის 176 დარბაზი, რომლებიც ხუთი შიდა ეზოთია გამოყოფილი ერთმანეთისგან. დღეს სასახლის ერთი ნაწილი სასტუმროს როლს ასრულებს. სასახლის სხვა ნაწილებში კი მუზეუმია. 
    სესილიას სასახლე 1913-17 წლებში აიგო და აქ ჩატარებული პოტსდამის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო ისტორიაში შევიდა. 1945 წლის 2 აგვისტოს შუაღამეს მრგვალ მაგიდასთან სამი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ხელი მოეწერა პოტსდამის შეთანხმებას. დიდ ეზოში ყვავილებისგან შექმნილი საბჭოთა ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი არის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დანატოვარი. რადგან საბჭოთა კავშირი ომის მთავარ ტვირთს ატარებდა და წამყვან როლს თამაშობდა, ამ ვარსკვლავის გარშემო შეთანხმდა სამი ძლევამოსილი სახელმწიფოს მეთაური   ომში ერთობლივი მოქმედების შესახებ.  
საკონფერენციო დარბაზი და დელეგაციების სამუშაო ოთახები თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს. როდესაც სასახლე კონფერენციისთვის შეარჩიეს, ორიგინალური ავეჯის ნაწილი გაქრა. ამიტომ სასახლის 36 დარბაზი აღიჭურვა ავეჯით პოტსდამის სხვა სასახლეებიდან და ვილებიდან.
პრინცის ყოფილი სამუშაო და მოსაწევი ოთახები პრეზიდენტმა ტრუმანმა გამოიყენა სამუშაო და თათბირის დარბაზებად. უინსტონ ჩერჩილი პრინცის ყოფილ ბიბლიოთეკაში მოთავსდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე კვირა დატკბა ბაბელსბერგის სასახლიდან გადმოტანილი უძვირფასესი ავეჯით. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მან გზა ატლეეს დაუთმო. სტალინმა წითელი სალონი აირჩია, პრინცესას სამუშაო ოთახი. მისი სამუშაო ადგილი იყო ბუხარსა და ფანჯარას შორის საწერ მაგიდასთან. 

    ზედა სართულებზე ტახტის მემკვიდრეების პირადი დარბაზებია, სადაც მათი მუდმივი საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ 1945 წელს მათ სასახლე მიატოვეს და დასავლეთს შეაფარეს თავი.

    ბაბელსბერგის პარკი და სასახლე
    ბაბელსბერგის პარკის ხედი ტბის სიღრმეში, მდინარე ელბის შენაკადი ჰაფელი და განთქმული გლინიკის ხიდი განუმეორებელია თავისი მშვენებით. პეტერ იოზეფ ლენემ პარკს რომანტიული ელფერი აჩუქა. 
    პარკში მთავარი ღირშესანიშნაობაა ბაბელსბერგის სასახლე. 50 წელზე მეტხანს ის იყო პრინც ვილჰელმის, შემდგომში კაიზერ ვილჰელმ I-ის და მისი მეუღლის აუგუსტას საზაფხულო რეზიდენცია. სასახლესა და მის პარკში 1862 წლის 22 სექტემბერს შედგა უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკება მეფე ვილჰელმ I-სა და ბისმარკს შორის, რაც დამთავრდა ბისმარკის პრემიერ-მინისტრად და საგარეო მინისტრად აღიარებით.
ინგლისური გოთიკის სტილში გადაწყვეტილი ნაგებობა 1835-1849 წლებში აიგო. გეგმის შემუშავება დაევალათ ცნობილ არქიტექტორებს კარლ ფრიდრიხ შინკელს, ლუდვიგ პერსიუსს და იოჰან ჰაინრიხ შტრაკს. მშენებლობა ორ ფაზად წარიმართა. სასახლეში განსაკუთრებით შთამბეჭდავია საცეკვაო დარბაზი მისი ვარსკვლავებიანი ჭერით და შთამბეჭდავი ინტერიერით. 
    ბაბელსბერგის სასახლე არის პრუსიული სასახლეების და ბერლინ-ბრანდერბურგის ბაღების ფონდის და UNESCO-ს მფარველობაში.
ბაბელსბერგის პარკში სეირნობისას ასევე თვალში მოსახვედრია ულამაზესი პატარა სასახლე, მშვენიერი ფანჩატურები, საჯინიბო, მატროსების სახლი. 

    ბაბელსბერგის ფილმების პარკი
    ფილმების სამყარო ისეთი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. ბაბელსბერგის ფილმების პარკში მნახველებს კულისებში შეხედვა შეუძლიათ. აქ ნახავთ, რამხელა შრომით, სიყვარულით და რამდენი წვრილმანის გათვალისწინებით ხდება ფილმებზე მუშაობა.

   დაძაბული სანახაობა ელის ყველას პარკში, სადაც ტრიუკების ოსტატები, ცხოველების მომთვინიერებლები, პიროტექნიკოსები მნახველებს აოცებენ ოსტატობით. სატელევიზიო სტუდიაში მსურველებს შეუძლიათ მოექცნენ ყურადღების ცენტრში როგორც დიქტორები, სინოპტიკოსები, მენეჯერები. 
    მედიის ქალაქში მოგზაურობით ბაბელსბერგი გვახედებს ისტორიაში, აწმყოსა და მომავალში. ასევე მნახველებს შეუძლიათ ახლოდან გაეცნონ პოპულარული მოღვაწეების საქმიანობას.
    პარკი ბევრ სიამოვნებას მოგანიჭებთ, გაგაოცებთ და განგაცდევინებთ. ბავშვებს აქ მრავალი საინტერესო და დაუვიწყარი სანახაობა ელით. 
 
    ჰოლანდიური კვარტალი ისტორიული ცენტრში
    პოტსდამის ცენტრში არის პატრა ჰოლანდიური იდილია ”პატარა ამსტერდამად” წოდებული. 
1734 წელს ჰოლანდიელი კოლონისტებისთვის დაიწყო არქიტექტურული ანსამბლის მშენებლობა. 1742 წელს მშენებლობა დასრულდა. კომპლექსი 100-ზე მეტ ულამაზეს სახლს აერთიანებს მშვენიერი ბაღებით. ჰოლანდიას მოგვაგონებს ასევე წითელი აგურით ნაშენი სახლები, რომლებიც ”პატარა ამსტერდამის” დასრულებიდან 40 წელში აიგო.

    Biosphäre Potsdam
    გერმანიის უდიდესი ბოტანიკური ბაღი წარმოგვიდგენს ჯუნგლებს 20000 მცენარით. 14 მეტრი სიმაღლის ხეები და პალმები მწვანე სახურავს ქმნიან. ბილიკებს ამკობენ ორქიდეები, კაკაოს და ყავის ხეები. ჩანჩქერი, ტროპიკული ტყის შრიალი, წვიმის ხმა ჯუნგლების ატმოსფეროს ქმნიან.
   ტერარიუმი მწერებით, ტროპიკული თევზებით ტროპიკულ ცხოველთა სამყაროს გვაცნობს.

     ჰანს-ოტოს თეატრი
    თეატრის ახალი შენობა ქალაქის ერთ-ერთ ღირსესანიშნაობად იქცა. მისი ხედი ტბის სივრცეში ულამაზესი სანახაობაა. ახალ თეატრში გრძელდება პოტსდამის მდიდარი თეატრალური ტრადიციები. 
    1952 წლიდან თეატრი ჰანს-ოტოს სახელობისაა. ეს იყო უაღრესად ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა გაასამართლა და შემდგომ სიკვდილით დასაჯა. ჰანს-ოტო პირველი  და ყველაზე ავტორიტეტული მსახიობი იყო, რომელიც ნაცისტურ რეჟიმს ემსხვერპლა. ერთ-ერთ ღია წერილში ბერტოლდ ბრეხტი მას მოიხსენიებს, როგორც იშვიათ და მოუსყიდავ პიროვნებას.

Thursday, August 18, 2011

მეტეორა - ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები

მეტეორას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საბერძნეთში, პინდოს მთის აღმოსავლეთით, თესალიის ქალაქ კალამბაკასთან. მონასტერი  UNESCO-ს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაშია შეტანილი. სახელი ”მეტეორა” წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ”მეტეორიზო”, რაც სიმაღლეზე ასვლას ნიშნავს. ეს სახელი მონასტრის მდებარეობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მაღალ კლდეებზეა გაშენებული და ნისლიან ამინდში ჰაერში მოლივლივე გეგონებათ.

საერთო კომპლექსი შედგება 24 მონასტრისა და კელიისგან. ამ მონასტრებიდან დღეს მხოლოდ ხუთია დასახლებული, დანარჩენი თვრამეტი ან ძნელად მისასვლელია ან ჩამონგრევის საფრთხის გამო არის მიტოვებული.
მონასტერს, გადმოცემის თანახმად, პირველი ბინადარნი XI საუკუნიდან ჰყავს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნიდან. წლების განმავლობაში მონასტრის ძმობა ორგანიზებული ხდებოდა წმიდა მთის ათონის მონასტრის მაგალითზე. მოგვიანებით აქ მოღვაწე ბერებმა შექმნეს პირველი მონასტერი - დოუპიანი.

ათონის მთიდან წამოსული ბერის, ათანასეს, დასახლების შემდეგ 1334 წელს, რეგიონში სამონასტრო ცხოვრების განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. 1344 წელს წმინდა მამა ათანასემ თავის სულიერ მამასთან გრეგორიუსთან და 14 ბერთან ერთად დაარსა მონასტერი Metamórphosis, ცნობილი ასევე როგორც Megálo Metéoro. მამა ათანასემ დაადგინა მონასტრის წეს-განგებაც. გარდაცვალების შემდეგ ის წმიდანად იქნა აღიარებული.
XIV საუკუნის მანძილზე მეტეორაზე ახალი მონასტრები აშენდა. ამ მონასტრებს  ფინანსურად ეხმარებოდნენ ქვეყნის მორწმუნე ხელისუფალნი. წლების მანძილზე დაარსდა რამდენიმე მონასტერი, რომელთა დამაარსებლების სახელები მხოლოდ ნაწილობრივ შემოინახა.
           მეტეორაზე სამონსასტრო ცხოვრება ყვაოდა XV-XVI საუკუნეებში. შემდეგ პერიოდში კი 24 მონასტრიდან უმეტესობა თანდათან დაინგრა და დღეს მხოლოდ ხუთია მოქმედი: Metamórphosis, Varlaám, Rousánou, Agía Triáda, Agios Stéfanos და Agios Nikólaos Anapavsás. დღეს მათი დათვალიერება შესაძლებელია.   

Doúpiani: ეს მონასტერი არის პირველი, რომელიც მეტეორაზე დაარსდა. თავად მონასტერმა დღემდე ვერ მოაღწია, მაგრამ XIII საუკუნის სამლოცველო დღემდე დაცული და მოქმედია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 1867 და 1974 წლებში.
Filakaé Monakón: გადმოცემის თანახმად ამ კლდეზე ბერების საპყრობილე იყო. ბერები, რომლებიც მონასტრის მკაცრ წესებს არ ემორჩილებოდნენ, აქ იგზავნებოდნენ სინანულისთვის.
Agios Nikólaos Anapavsás: მონასტერი დღესაც დასახლებულია. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მოღვაწეობენ ბერები, რომლებიც ადრე ტაძარში ცხოვრობდნენ. უნიკალურია თეოფანე კრიტელის ფრესკები და მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება.
 Rousánou (Arsánou): ჯერაც დასახლებული მონასტერი, გადამოცემის თანახმად 1388 წელს დაარსდა. სხვა წყაროები დაარსების თარიღად 1288 წელს ასახელებენ. ისტორიული დადასტურება ჯერ არც ერთ თარიღს არ მოუპოვებია. ბევრი თავდასხმის და აოხრების შემდეგ, Rousánou დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. 1950 წელს კომპლექსის შენარჩუნებისთვის ჩატარდა ფართო მაშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები და დღეს ის დეადთა მონასტერია. აღსანიშნავია მონასტრის XVI საუკუნის ფრესკები.

Varlaám: XIV საუკუნეში დაარსებული მონასტერი დღესაც დასახლებულია. პირველი ბერის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც აქ დასახლდა, მონასტერი მცირე ხნით გაუკაცრიელდა. 1518 წელს დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც 1535 წელს დასრულდა. 1779 წელს ერთი მოგზაური წერდა, რომ მონასტრის მშენებლობის დღიდან ამ ტერიტორიაზე ქალს ფეხი არ დაუდგამს. 

Metamórphosis, ასევე ცნობილი როგორც Megálo Metéoro. სამონასტრო კომპლექსი 60000 კვ.მ ფართობით არის ყველაზე დიდი მეტეორას მონასტრებს შორის. ის განლაგებულია ზღვის დონიდან 613 მ. სიმაღლეზე და დღესაც ბერებითაა დასახლებული. სახელი Metéoro - მოლივლივე - მონასტერმა მიიღო მისი დამაარსებლის ბერი ათანასესგან. მანამდე პლატოს ერქვა Platýlithos - ბრტყელი ქვა. 1923 წლამდე მონასტერში ასვლა მხოლოდ თოკის კიბით შეიძლებოდა. დღეს 143 საფეხურიანი ქვის კიბეს და გვირაბს მივყავართ სამონასტრო კომპლექსში. მთავარ ეკლესიაში შემორჩენილია 1552 წლის ფრესკები. აღსანიშნავია ასევე ათანასეს გამოქვაბული მონასტრის შესასვლელში. 

Agía Triáda: (წმიდა სამება) მონასტერი სავარაუდოდ 1458-1476 წლებში აშენდა. ზუსტი თარიღები არ არის ცნობილი. მონასტერი დღესაც მოქმედია. თავიდან მისასვლელი მხოლოდ თოკის კიბით იყო. 1925 წელს მანესტერს გაუკეთეს კლდეში ნაკვეთი საფეხურები. ეკლესია შემკობილია ფრესკებით, რომლებიც 1741 წლით თარიღდება. აღსანიშნავია 1539 წლით დათარიღებული მონასტრის სახარება. დაბეჭდილი სახარება ვერცხლის ყდით ვენეციიდან არის ჩამოტანილი. ეს მონასტერი ცნობილია მთელ მსოფლიოში. ჯეიმს-ბონდის სერიალის ერთ-ერთი ფილმის, ”სასიკვდილო მისია”, ერთი ნაწილი ამ  მონასტრის ტერიტორიაზეა გადაღებული. 

Agios Stéphanos: დაახლოებით 1400 წელს დასრულებული მონასტერი დღესაც მოქმედია. კლდეზე მოსახლეები ბევრად უფრო ადრე გამოჩნდნენ. 1927 წლამდე შემორჩენილი იყო წარწერა, რომელიც 1192 წელს მონასტრის ძმობასთან შეერთების მსურველთათვის იყო განკუთვნილი. მონასტერს ასევე ”სამეფოს” უწოდებენ, რაც 1333 წელს კეისარ ანდრონიკოს III ვიზიტთან არის დაკავშირებული. ხელისუფალი იმდენად მოიხიბლა ბერების სტუმართმოყვარეობით, რომ უხვი წყალობა გაიღო და მიწებიც გადასცა მონასტერს. XIX საუკუნეში 30-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა მონასტერში და მათი რიცხვი მატულობდა. 1960 წელს მონასტერი თითქმის დაცარიელდა და 1961 წელს აქ დედათა მონასტერი დაარსდა. განსაკუთრებული სანახაობაა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ეპისკოპოსის ტახტი და საგალობლების პულტი. 

 მეტეორას კლდეები ასევე არის ალპინისტების საყვარელი ადგილი საბერძნეთში. ამ კუთხით მეტეორათი პირველად დაინტერესდა გერმანელი ალპინისტი დიტრიხ ჰასე, რომელმაც სახელმძღვანელოც შექმნა აქ ექსკურსიების და ალპინიადების მსურველთათვის.