Saturday, July 9, 2011

კრეტა - მზის და ზღვის სამეფო

კრეტა ცნობილი საკურორტო კუნძულია. ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს კუნძულს.კრეტა ყველაზე დიდი კუნძულია საბერძნეთში (8000 კვ.კმ.), 600 000 მცხოვრებით. ის არის ევროპის ერთ-ერთი უკიდურესი სამხრეთი კუნძული და ამინდი აქ უნიკალურია - 300 მზიანი დღით. 

 ტურისტების სიმრავლე უფრო მეტად შეინიშნება კრეტის ჩრდილოეთით. ქალაქების და ნავსადგურების ჰერაკლიონის და ხანიას ახლოს მდებარეობს უდიდესი და ცნობილი კურორტები, მაგ. ხერსონისოსი, მალია, სტალისი. აქვე მდებარეობს უდიდესი სასტუმროები.


კუნძულის ლამაზი ქალაქები, ღირშესანიშნაობები, თვალწარმტაცი სანაპიროები მილიონობით დამსვენებელს იზიდავს.


ირაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი
კუნძულის დედაქალაქის, ირაკლიონის, არქეოლოგიური მუზეუმი გვთავაზობს 3.400 წლის წინანდელ ხელოვნების და კულტურის საგანძურს. მსოფლიოს არცერთი სხვა მუზეუმი არ ფლობს ამ დროის ამდენ აღმოჩენას.
ორ სართულზე მნახველი აღფრთოვანებით და გაოცებით გაეცნობა ისტორიულ საგანძურს,  გემების მოდელებს, სახლების ფასადებს, სამკაულებს, ბეჭდებს, რომლებიც გვაცნობენ 3.500 წლის წინანდელ ყოველდღიურობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ულამაზესი თიხის ნაკეთობები.




ირაკლიონის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება უნიკალური ფესტოს ქვა, რომელიც ბრინჯაოს ხანის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენადაა მიჩნეული.  ეს არის გამომწვარი თიხისგან დამზადებული ნაკეთობა. ფესტოს ქვაზე სპირალურად არის ამოტვიფრული ადამიანების, ცხოველების და მცენარეების მოტივები, რომლებიც სხვადასხვა შტამპით არის ამოკვეთილი. ამდენად ქვა წარმოგვიდგენს პირველ შტამპის შემთხვევას, რომელიც ტექსტში განმეორებად სიმბოლოებს წარმოგვიდგენს. ქვა ამ სახეობის ერთადერთი აღმოჩენილი ეგზემპლარია. ფესტოს ქვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც მისი შექმნის მიზანს, მის კულტურულ და გეოგრაფიულ წარმომავლობას, კითხვის მიმართულებას შეეხება, დღემდე დავის საგანია.

ფესტოს ქვა 1908 წლის 3 ივლისს მინოანის სასახლეში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა იტალიელი ლუიჯი პერნიერის ხელმძღვანელობით. მეცნიერთა ვარაუდით, მისი ასაკი 3.500 წელს უნდა აღემატებოდეს.

ფესტოს ქვა 16 სანტიმეტრიანი ფილაა სპირალური ფორმით ამოტვიფრული მოტივებით, საერთო ჯამში 241 ტვიფრით, რომლებიც გამყოფი ხაზებით 61 ჯგუფად ნაწილდება. მათ გაშიფვრას და აღწერას მრავალი მეცნიერი ცდილობს, მაგრამ არცერთ მცდელობას ჯერჯერობით სამეცნიერო აღიარება არ მოუპოვებია. 

კნოსოსის სასახლე

კრეტაზე მშვენიერი სანახაობაა კნოსოსის სასახლე, რომელიც ითვლება მინოანის ეპოქის ცენტრად. ასწლეულების მანძილზე კნოსოსის სასახლეს ბორცვი ფარავდა. ცნობილი გერმანელი არქეოლოგი ჰაინრიხ შლიმანი ამაოდ ცდილობდა 1886-89 წლებში ამ ადგილებში გათხრების უფლების მოპოვებას.

ინგლისელმა არტურ ევანსმა მოახერხა, რომ 1894 წლიდან ბორცვზე მუშაობა დაწყებულიყო. სამუშაოები 1900 წელს დაიწყო და 1925 წლამდე გაგრძელდა. მთავარი ნაწილი მალე იქნა აღმოჩენილი. სასახლეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია ბეტონით, თაბაშირით და საღებავებით, რადგან ხის სვეტები დრომ ვერ შემოინახა, ასევე ბევრი გადახურვა ჩამოინგრა. შემდეგ რკინაბეტონის სვეტები ჩამოისხა, ყავისფრად შეიღება, რომ ხის ელფერი მისცემოდა. ბეტონის გამოყენების შედეგად შეიქმნა ახალი კედლები, ფრესკები, საფეხურები, რომლებიც სხვადასხვაფრად შეიღება. ევანსმა ამ უძველეს კულტურულ ძეგლს პირვანდელი ელფერი დაუბრუნა და ასე იქცა კნოსოსის სასახლე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სანახაობად კრეტაზე. 

კნოსოსის სასახლის  აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა და ამჯერადაც უამრავ სარესტავრაციო სამუშაოებს საჭიროებს. ძეგლს ყოველწლიურად 1,3 მილიონი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც არქეოლოგიურ ნანგრევებზე დადიან და გარკვეულ ზიანს აყენებენ. რესტავრაციის დროს კვლავ ხეს გამოიყენებენ, რაც მას მეტად მიანიჭებს პირვანდელ ელფერს, ასევე გადაიხურება სხვადასხვა დარბაზები. ბეტონის კონსტრუქციები სხვა მასალით უნდა ჩანაცვლდეს, რადგან ისინი ზეწოლას ახდენენ ანტიკურ ნანგრევებზე და აზიანებენ მათ. 
კნოსოსის სასახლე მოიცავს 22.000 კვ.კმ. ფართობს. სასახლეში არის ზედა განათების დარბაზები, საფეხურები, სახელოსნოები, საკუჭნაოები. 


არკადის მონასტერი.
მონასტერი კრეტის უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლია. ის დიდ როლს თამაშობდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ოსმანთა სამეფოს წინააღმდეგ. ეკლესია გამოსახული იყო 100 დრაჰმიან კუპიურაზე.
გადმოცემის თანახმად, მონასტერი აიგო ბიზანტიის იმპერატორის არკადიუსის მიერ მე-5 საუკუნეში. მეცნიერები მას ამავე სახელის ბერს მიაწერენ. მონასტრის სახელწოდება დასტურდება მე-14 საუკუნის წარწერით. ორნავიანი, რენესანსის ელემენტების შემცველი ბაზილიკა 1587 წელს აიგო ძველი ეკლესიის ადგილას. მე-17 საუკუნემდე მონასტერში ყვაოდა კულტურული და სულიერი ცხოვრება.
ოსმალების მიერ კრეტის დაპყრობის შემდეგ მონასტერმა მრავალი უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა, რაც დასრულდა კრეტის დამოუკიდებლობის გამოცხადების და საბერძნეთთან შეერთების შედეგად. 



პრეველის მონასტერი
პრეველის მამათა მონასტერი მდებარეობს კრეტის სამხრეთით. მონასტერი წარმოადგენს კრეტის ნახევრადავტონომიურ ეკლესიას, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარება და 1913 წლიდან საბერძნეთის ეკლესიასთან ასოცირდება. საბერძნეთის დროშასთან ერთად აქ ბიზანტიური ორთავიანი არწივიანი დროშაც ფრიალებს. 




აია ნიკოლაუსი

 აია ნიკოლაუსი იყო აგრარული ქალაქი კრეტას ჩრდილოეთ კუნძულზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია  კრეტაზე. 10.000 მცხოვრებით ის არის ოლქის დედაქალაქი. ქალაქს შენარჩულებული აქვს კრეტის შარმი.
  ქალაქის სახელი წარმოდგება აია ნიკოლაუსის ეკლესიისგან, რომელიც X საუკუნით თარიღდება და კრეტას უძველეს და კარგად შემონახულ ტაძრად ითვლება. ის ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ნახევარკუნძულზე მდებარეობს.  
ქალაქის ცენტრში არის ყურე, რომლის გარშემო წრეს კრავს მრავალი რესტორანი, ტავერნა და ბარი. საინტერესოა მისი მუზეუმები. აქ მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი მნიშვნელობით მეორეა ირაკლიონის მუზეუმის შემდეგ. ის ცნობილია პრემიონისტური ეპოქის ექსპონატებით. ხელოვნების მუზეუმი ფლობს ბოლო საუკუნეების  საინტერესო ექსპონატებს, უპირატესად ყოველდღიური მოხმარების საგნებს, მუსიკალური ინსტრუმენტებს და სხვა მრავალს. 

გეორგიოუპოლისი
გეორგიოუპოლისი მდებარეობს კრეტის ჩრდილო-დასავლეთით ხაინასა და რეთიმნონს შორის. მეთევზეების პატარა დასახლება წლების განმავლობაში გადაიქცა ტურისტულ ზონად. ადრე გეორგიოუპოლისს  ძირითადად ინდივიდუალური დამსხვენებლები სტუმრობდნენ, რაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. სანაპიროზე და აღმოსავლეთ ნაწილში სასტუმროთა კომპლექსები აშენდა.

 
ცენტრი არის პლატია, სადაც ქუჩები ერთდება და კაფეები და რესტორნებია განლაგებული.
ადრე გეორგიოპოლუსი ჭაობიანი ადგილი იყო, შემდეგ ევკალიპტის ხეებმა ის ამოაშრო და გაამყარა, რადგან ეს ხეები დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ
გეორგიოუპულოსში სამი მდინარე მოედინება და ზღვას უერთდება. ნავსადგური არ არის ხმაურიანი და ის საყვარელი სასეირნო ადგილია. 


 ლოუტრო
ლოუტრო პატარა ნავსადგურია კრეტის სამხრეთ კუნძულზე. ის ძალიან მიმზიდველი და მყუდროა, რადგან აქ მოხვედრა მხოლოდ ნავით ან ფეხით შეიძლება. ასეთი განმარტოებულობა და ავტომანქანების არყოფნა ლოუტროს განტვირთვის და დასვენების ადგილად აქცევს.
რესტორნების, ბარების, სასტუმროების უმეტესობა მდებარეობს წყლის პირას. უდიდესი სიამოვნებაა აქ საღამოს გატარება.
სანაპირო მდებარებოს ყურეში. სანაპირო არის ქვიანი. ულამაზესი პლაჟებია ლოუტროს ახლოს, სადაც მისვლა შეიძლება მეთევზის ნავით ან ფეხით.



მატალა
მატალა მდებარეობს კუნძულ კრეტას სამხრეთ. ის ცნობილია თავისი გამოქვაბულებით, რომელიც კლდეში იქნა გამოკვეთილი საუკუნეების წინ. ამ ქვაბულებში ადრეულ ხანაში რომაელები ცხოვრობდნენ. ბევრად გვიან, უკვე 1960-იან წლებში მისი ბინადარნი ჰიპები იყვნენ. გამოქვაბულები მდებარეობს მატალას სანაპიროზე, ჩრდილოეთით. ისინი ყოველწლიურად მრავალრიცხოვან ტურისტებს მასპინძლობენ.
ყურის სამხრეთით არის მატალას ცენტრი, სადაც არის რესტორნები, ბარები, მაღაზიები. ბევრი მათგანი წლის ნაპირთან მდებარეობს და ზღვის და გამოქვაბულების მშვენიერ ხედს გვთავაზობს. 



პალეოხორა
პალეოხორა მდებარეობს კრეტის სამხრეთ-აღმოსავლეთით და უმთავრესად ინდივიდუალური დამსვენებლები სტუმრობენ. კურორტი მდებარეობს ნახევარკუნძულზე. ადგილი არის უმშვენიერესი. აქ არ არის სასტუმროთა კომპლექსები და ბევრი მაღაზიები.
დასავლეთით არის გრძელი ლამაზი ქვიშიანი პლაჟი, აღმოსავლეთით - ქვიანი სანაპირო. პალეოხორა არის საუკეთესო ადგილი ექსკურსიების მოსაწყობად. 



პლაკიასი
პლაკიასი მდებარეობს კრეტის სამხრეთ ქვიშიან სანაპიროზე ზღვის პირას და დიდი მთებით არის გარშემორტყმული. მთავარი ქუჩა ზღვას მიუყვება. აქ არის ბევრი რესტორანი, ბარი, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. პლაკიასი ადრე ინდივიდუალური დასვენების ადგილი იყო, მაგრამ ეს დიდი ხანია შეიცვალა და ტურისტები ხშირად სტუმრობენ კურორტს. პლაკიასი ასევე იდეალური ადგილია სხვადასხვა ღონისძიებების დასაგეგმად. 


.