Saturday, July 2, 2011

პარიზი - სიყვარულის ქალაქი.


პარიზი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია მსოფლიოში. ყოველწლიურად მას 45 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მისი ღირშესანიშნაობები ცნობილია მთელს მსოფლიოში.
საფრანგეთის დედაქალაქი მდინარე სენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მოიცავს ორ კუნძულს: წმ. ლუდოვიკოს (Île Saint-Louis)  და დიდ კუნძულს სიტეს, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილს შეადგენს.
პარიზი მდებარეობს ოკეანის ზომიერ კლიმატში და მასზე მოქმედებს ჩრდილოატლანტიკური დინება, ამიტომ ქალაქში იშვიათად არის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა. 


ლუვრი (Musée du Louvre). მსოფლიოში ცნობილი ლუვრის მუზეუმი პარიზში არის ისტორიული ძეგლი და საფრანგეთის ნაციონალური მუზეუმი. ის მდებარეობს მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე. 60,6 ათას კვ.მ. ფართობზე განლაგებულია დაახლოებით 35 ათასი ექსპოზიცია, დაწყებული ჩვენს ერამდე მე-6 ათასწლეულით და თანამედროვე ხელოვნებით დამთავრებული.

მუზეუმი მდებარეობს ლუვრის სასახლეში (Palais du Louvre), რომელიც თავიდან ციხე-სიმაგრე იყო, აგებული XII საუკუნეში ფილიპ II-ის ეპოქაში. ციხის ნანგრევები შემორჩენილია. შენობა არაერთხელ გაფართოვდა, სანამ თანამედროვე სახეს მიიღებდა. 1674 წელს ლუდოვიკო  XIV-მ ვერსალის სასახლე (Palace of Versailles),  აირჩია თავის რეზიდენციად. საფრანგეთის რევოლუციის დროს ნაციონალურმა ასამბლეამ გამოსცა დეკრეტი ლუვრის მუზეუმად გამოცხადების შესახებ. აქ უნდა გამოფენილიყო ნაციონალური შედევრები.
მუზეუმი გაიხსნა 1793 წლის 10 აგვისტოს 537 ტილოს ექსპოზიციით. ნაპოლეონის დროს კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ პერიოდში ლუვრს ნაპოლეონის მუზეუმი დაერქვა. მისი დამარცხების შემდეგ ხელოვნების ბევრი შედევრი, რომელიც ომის დროს იყო მიტაცებული, მის ნამდვილ მფლობელებს დაუბრუნდა.
კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლუდოვიკო XVII-ს და კარლ  X-ს მმართველობისას და მათ შემდეგაც, ორი მსოფლიო ომის პერიოდის გამოკლებით. ამჟამად კოლექცია გაყოფილია რვა დეპარტამენტად: ძველი ეგვიპტე, ძველი ახლო აღმოსავლეთი, ძველი საბერძნეთი, ეტრუცია და რომი, ისლამური ხელოვნება, სკულპტურა, ფერწერა, ნახატები, გრავიურები.


ეიფელის კოშკი (Tour Eiffel) პარიზის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა, ცნობილი როგორც საფრანგეთის სიმბოლო. სახელი მიიღო მისი არქიტექტორის გუსტავ ეიფელის პატივსაცემად, რომელმაც კოშკს უბრალოდ 300 მეტრიანი კოშკი უწოდა. ეს არის ყველაზე მეტად პოპულარული ღირშესანიშნაობა მსოფლიოში. პარიზის ეს სიმბოლო ჩაფიქრებული იყო როგორც დროებითი ნაგებობა  ის იყო შესასვლელი არკა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე 1889 წელს. დაგეგმილი დემონტაჟისგან (გამოფენიდან 20 წლის შემდეგ) ის იხსნა რადიოანტენებმა, რომელიც ყველაზე მაღლა იყო დაყენებული.
სიმაღლე ახალ ანტენასთან ერთად არის 324 მეტრი. 40 წლის მანძილზე ეიფელის კოშკი იყო ყველაზე მაღალი ნაგებობა მსოფლიოში, თითქმის ორჯერ მაღალი იმ დროის მსოფლიოს სხვა ყველაზე მაღალ ნაგებობებზე ხეოფსის პირამიდა (137მ), კიოლნის ტაძარი (161მ) სანამ 1930 წელს ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგი აიგებოდა.




 
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame de Paris) პარიზის გეოგრაფიული და სულიერი ”გულია”. მდებარეობს კუნძულ სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, პარიზის პირველი ქრისტიანული ტაძრის, წმიდა სტეფანეს ბაზილიკის ადგილას, რომელიც თავის დროზე აიგო იუპიტერის რომალური ტაძრის ადგილას. ტაძრის სიმაღლეა 35 მ. როგორც სხვა გოთიკურ ტაძრებში, აქაც არ არის ფრესკები, კედლის მხატვრობა და ფერების ერთადერთი წყარო არის მრავალრიცხოვანი ვიტრაჟები მაღალი სარკმლებიდან.
ტაძარი საუკუნეების მანძილზე იყო მეფეთა ჯვრისწერის, მეფედ კურთხევის, ეროვნული დარკძალვების ადგილი. 1302 წელს აქ შეიკრიბა საფრანგეთის პირველი პარლამენტი. აქ დაიწერეს ჯვარი ჰენრიხ IV ნავარელმა და საფრანგეთის მეფის დამ, მარგო ვალუამ. 



ბალზაკის სახლი.  (Maison de Balzac) არის სახლ-მუზეუმი ფრანგი რომანისტის ონორე დე ბალზაკის ყოფილ სახლში. ის მდებარეობს რეინუარის ქუჩაზე და ღიაა ყოველდღე, გარდა ორშაბათის და დღესასწაულებისა.

მოკრძალებული სახლი ეზოთი და ბაღით მდებარეობს ბულონის ტყის მახლობლად. მევალეებისგან დასაცავად ბალზაკი ქირაობდა სახლის ზედა სართულს 1840-1847 წლებში. ფსევდონიმად დაირქვა მისი მოსამსახურის სახელი - ბრენიოლი. პარიზის ადმინისტრაციამ 1949 წელს სახლი შეისყიდა და ახლა ის ლიტერატურულ მუზეუმს წარმოადგენს. ის ერთ-ერთია სამ ლიტერატურულ მუზეუმთაგან პარიზში, ვიქტორ ჰიუგოსა და რომანტიული ცხოვრების (ჟორჟ სანდის) მუზეუმების გვერდით. ეს ერთადერთია ბალზაკის უამრავ ბინებს შორის, რომელიც შემოინახა. 

 

 



ჟორჟ პომპიდუს ცენტრი (Centre Georges-Pompidou) აიგო 1971-1977 წლებში. აქ განთავსებულია სახალსო საინფორმაციო ბიბლიოთეკა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მუსიკის და აკუსტიკური გამოკვლევების ცენტრი IRCAM. ჟორჯ პომპიდუ იყო საფრანგეთის პრეზიდენტი 1969-1974 წლებში. მისი სახელი დაერქვა ცენტრს, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1977 წლის 31 იანვარს.

ჟორჯ პომპიდუს მოედანი მუზეუმის წინ განთქმულია ქუჩის მსახიობების, აკრობატების, ჟონგლიორების გამოსვლებით. გაზაფხულობით აქ იმართება მინი-კარნავალები, მონაწილეთა დიდი მრავალფეროვნებით; მუსიკალური ჯგუფები, ქუჩის მხატვრები, სკეიდბორდისტების შეჯიბრები და ა.შ.




ბასტილიის მოედანი (Place de la Bastille), ამ მოედანზე მდებარეობდა ბასტილიის ციხე, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს აიღეს და დაანგრიეს. ახლა ბასტილიას ეძახიან მოედანს და მის მიმდებარე რაიონებს პარიზში.

მოედნის ცენტში არის ივლისის კოლონა, რომელიც ივლისის რევოლუციის მოვლენებს მიეძღვნა. აქვეა ქალაქის ცნობილი ღირშესანიშნაობები, როგორიცაა ბასტილიის ოპერა, ბასტილიის მეტროსადგური.

მოედანზე ხშირად იმართება კონცერტები და სხვადასხვა მასობრივი დემონსტრაციები. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ძალიან ხალხმრავალი მრავალრიცხოვანი კაფე-ბარების, ღამის კლუბების, საკონცერტო დარბაზების გამო.

            ამ მდიდარი ისტორიული წარსულის მოედანზე ხშირად იმართება პოლიტიკური დემონსტრაციები

ელისეის მინდვრები(les Champs-Élysées). ეს არის პროსპექტი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფალური თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ პროსპექტად.

დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან ”ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს.





ტრიუმფალური თაღი (Arc de Triomphe) განლაგებულია შარლ-დე-გოლის მოედანზე, ელისეის მინდვრების დასავლეთ ნაწილში. ეს მნიშვნელოვანი მონუმენტი დაპროექტდა 1806 წელს ჟან შალგრენის მიერ. სიმაღლეა 49,5 მეტრი, სიგანე 45. ეს მონუმენტი შეიქმნა მათ პატივსაცემად, ვინც საფრანგეთისთვის იბრძოდა. ქვემოთ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს. 


 

თანხმობის მოედანი (Place de la Concorde) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედანია, მდებარეობს ელისეის მინდვრების აღმოსავლეთით. მოედანზე მრავალრიცხოვანი ქანდაკებები და ფანტანებია. თავიდან დაერქვა ლუდოვიკო XV-ს მოედანი.

ჩრდილოეთ ნაწილში აიგო ორი ერთნაირი ქვის შენობა, რომლებიც აქამდე ითვლება იმ პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებად. თავიდან აქ სამთავრობო უწყებები იყო განლაგებული, შემდეგ დასავლეთ შენობაში განალაგეს სასტუმრო (Hôtel de Crillon), რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. აქ ხშირად ისვენებდა მარია ანტუანეტა და სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მეორე მსოფლიო ომის დროს სასტუმროში იყო გერმანული არმიის შტაბი.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ლუდოვიკო XV -ს ქანდაკება აიღეს და მოედანს რევოლუციის მოედანი დაარქვეს. რევოლუციურმა მთავრობამ მოედანზე ააგო გილიოტინა, რომელიც არის საშინელი გახსენება მაშინდელი ბურჟუაზიის და ელიტის სისხლიანი გართობებისა. პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც აქ აწამეს, იყო მეფე ლუდოვიკო XVI (1793წ). აქვე მოკვეთეს თავი დედოფალ მარია ანტუანეტას, მადამ ელიზაბეტს, შარლოტა კორდეს, მადამ დიუ-ბარის, დანტონს, ლავუაზიეს, რობესპიერს... განსაკუთრებით აქტიურად გილიოტინას იყენებდნენ 1794 წლის ზაფხულში, როდესაც მხოლოდ ერთ თვეში აწამეს 1300 ადამიანი. შემდეგ წელს გილიოტინა აიღეს და მოედანს ეროვნული შერიგების სახელი დაარქვეს. 1795-1799 წლებში მოედანს ეწოდა თანხმობის მოედანი. XIX საუკუნეში სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ბოლოს ქალაქის ხელისუფლებამ საბოლოოდ შეუნარჩუნა ეს სახელი.




ფორუმი დე-ალი (Forum des Halles) მოიცავს პარკს, მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრს და უზარმაზარ მეტროსადგურს. აქ ადრე პარიზის ცენტრალური ბაზარი მდებარეობდა.

800 წლის მანძილზე ტერიტორია სახელწოდებით ლე-ალი იყო ცენტრალური ადგილი პარიზელების შეკრებისა. 1200-1500 წლებში ამ ბაზრობაზე ყველა სახეობის საქონელი იყიდებოდა. წლების მანძილზე პარიზის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იქმნებოდა გადაადგილების პრობლემა ხალხმრავლობის გამო. XX საუკუნის 60-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სავაჭრო ცენტრები გადაეტანა ქალაქის გარეუბანში. ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამ ადგილას დარჩა ცარიელი ადგილი, რომელზეც ქალაქის ხელისუფლებამ იზრუნა. ახლა მნახველები ამ ადგილას ნახავენ მშვენიერ პარკს, დიდ მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრს, თავისი მაღაზიებით, რესტორნებით, ღამის კლუბებით, მუზეუმებით, კინოთეატრებით, აქვეა მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტროსადგური.

მაგრამ ათწლეულების მანძილზე რაიონში სიტუაცია გაუარესდა, ღამით აქ საშიში იყო და სავაჭრო ცენტრი დატოვეს მაღაზიებმა. პარიზის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონკურსის ჩატარება ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის. ტერიტორია მთლიან რეკონსტრუირებულია და დაერქვა დე-ალის კვადრატი «Carreau des Halles».

 

მონმარტრი (Montmartre) ძველი რაიონია. აქ მდებარეობს საკრე-კიორის ბაზილიკა (Basilique du Sacré-Cœur). მონმანტრი ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ და თავის შედევრებს ქმნიდნენ ცნობილი მხატვრები.  რაიონში მდებარეობს ბევრი სტუდია და კაფე, რომლებიც დიდი მხატვრების სახელებთანაა დაკავშირებული. 


 
მონპარნასი (Montparnasse) – ძველი რაიონი სენის მარცხენა სანაპიროზე, ცნობილი მხატვრული სტუდიებით, მუზიკ-ჰოლებით და მრავალრიცხოვანი კაფეებით. აქ მდებარეობს დიდი მეტროსადგური მონპარნას-ბიენვენიუ. (Montparnasse – Bienvenüe) და ცათამბრჯენი მონპარნასის კოშკი. ეს არის 210 მეტრი სიმაღლის საოფისე ცათამბრჯენი. ეს შენობა, აგებული 1969-1972 წლებში, არის ყველაზე მაღალი საფრანგეთში და სიმაღლით მეცხრე ევროკავშირში.  



დისნეი-ლენდი. ისეირნეთ ზღაპრული კოშკების, თავგადასავლების, მხიარული მთების სამყაროში. 12 მილიონი დიდი და პატარა მნახველი მოწმობენ, რომ პარიზის დისნეი-ლენდი არის ევროპის ყველაზე უხვსტუმრიანი და საყვარელი ადგილი.  ატრაქციონებით, შოუებით და სანახაობებით სიამოვნებისთვის 2-3 დღე უნდა გამოყოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ. 

დისნეი-ლენდის მთავარი სანახაობა არის პარკი. აშშ-ს ”მაგიური სამეფოს” მსგავსად პარიზის პარკიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი თემების მიხედვით, რომლებიც უმშვენიერეს მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარს ერტყმიან. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ველურ დასავლეთს, სადაც მოჩვენებების სახლი და იდუმალი მთაა. 


 Adventureland, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, თავგადასავლების სამყაროში მივყავართ, სადაც პირატებს და ავაზაკებს გადავეყრებით. Discoveryland პოპულარული სანახაობაა პარკში, რადგან აქაურობას ფიქტიურ მომავალში გადავყავართ. ფანტაზიების  ქვეყანაში განსაკუთრებით პატარა სტუმრებს უყვართ გასეირნება, რადგან აქ უოლტ დისნეის სამყარო ელოდებათ. დისნეის სტუდია-პარკში შესაძლებელია მისი ფილმების კულისებში შეხედვაც, ასევე სატელევიზიო სტუდიის დათვალიერება.