Sunday, July 3, 2011

დრეზდენი - ხელოვნების, ისტორიის და მითების ქალაქი

 საქსონიის დედაქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ოდესღაც მას ელბის ფლორენციასაც ეძახდნენ იტალიური სტილის დიდებული არქიტექტურის გამო.


 მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ქალაქი თითქმის ნანგრევებად იქცა. თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ულამაზესია გერმანიაში. ქალაქის ახალი ნაწილი ყვავის როგორც არასდროს, დიდი ბაღი და სხვა გამწვანებები ამკობენ ქალაქს.

გალერეა – ძველი მხატვრები. ეს მუზეუმი განთქმულია მსოფლიოში. გალერეის  განსაკუთრებულ საგანძურს წარმოადგენს რენესანსის ეპოქის იტალიური მხატვრობა, რაფაელის, ტიციანის, ჯორჯონეს ფერწერული ტილოებით. ასევე მნიშვნელოვანია მე-17 საუკუნის ჰოლანდიური და ფლამანდიური მხატვრობა რემბრანდტის, ვერმეერის, რუბენსის ნაწარმოებებით. გალერეა ასევე წარმოგვიდგენს ძველგერმანული და ძველ ჰოლანდიური მხატვრობის შედევრებს, მათ შორის ვან ეიკის, დიურერის, კრანახის და ჰოლბაინის მხატვრობას. მუზეუმი ასევე ფლობს მე-17 საუკუნის ესპანელ და ფრანგ ხელოვანთა დიდებულ ნაწარმოებებს. ეს და სხვა დიდებული შედევრები, ასევე გალერეის ბრწყინვალე გარემო ყოველწლიურად ასიათასობით მნახველს იზიდავს.

 

საკათედრო ტაძარი. ტაძარი არის ბაროკოს ტიპის უახლესი ნაგებობა დრეზდენში. მოიცავს 4800 კვადრატულ მეტრ ფართობს. ეს არის საქსონიის უდიდესი ტაძარი. სამების სახელობის ტაძრის აკლდამაში მდებარეობს მეფეების და მათი ნათესავების 49 სარკოფაგი.
ტაძრის თაღებს ამკობს 78 ქვის ფიგურა, რომლებიც ლორენცო მატიელის მიერ არის შექმნილი და წარმოგვიდგენს მოციქულების, წმინდანების გამოსახულებებს. ტაძარი აიგო 1739-1755 წლებში იტალიელი არქიტექტორის გაეტანო ჩიავერის მიერ. იტალიელი მშენებლების შესახებ გვახსენებს მიმდებარე რესტორანი ”იტალიური სოფელი”. ტაძარი კათოლიკურია და პროტესტანტულ საქსონიაში მისი მშენებლობა საიდუმლოდ დაიგეგმა.
1980 წლიდან სამეფო საკათედრო ტაძარი არის დრეზდენ-მაისენის ეპარქიაში. ტაძრის განსაკუთრებულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს პერმოსერსის როკოკოს სტილის კათედრა, მენგის საკურთხევლის მხატვრობა და ზილბერმანის ორღანი. 



სამხედრო-ისტორიული მუზეუმი. გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ისტორიული მუზეუმი საინტერესოა არქიტექტურულად და შინაარსობრივად. სამხედრო ისტორია აქ ყველასთვის გასაგებად, ისტორიულ კონტექსტშია წარმოდგენილი. ის შთამბეჭდავია თავისი გამოფენებით, პროგრამებით და ინტერესს გვრის როგორც სამხედრო პირებს, ასევე ტურისტებს, მოსწავლეებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს. არქიტექტორია დანიელ ლიბესკინდი, რომლის 25 მეტრიანი უნიკალური ნაგებობიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ დრეზდენზე. 

 

ცვინგერის სასახლე. ცვინგერს ხშირად აიგივებენ მცნებებთან, როგორიცაა გისოსები, რკინის ჭიშკარი და ასე შემდეგ, მაგრამ დრეზდენის ცვინგერს ამ წარმოდგენებთან არაფერი აქვს საერთო.  1709-1732 წლებში ააგო თავისი დროის გენიალურმა არქიტექტორმა მათიას დანიელ პიოპელმანმა. სკულპტურებით შეამკო განთქმულმა ბალთაზარ პერმოზერმა. ბრწყინვალე ბაროკოს ტიპის ნაგებობა თავიდან გართობის და სიამოვნებისთვის იყო განკუთვნილი. აქ იმართებოდა კონცერტები, მეჯლისები, გასართობი საღამოები. საომარი სახელწოდება ცვინგერმა მიიღო ყოფილი ცვინგერის სასახლიდან, რომელიც ქალაქის ძველი გალავნის ნაწილი იყო. მის ადგილას აიგო ეს ბრწყინვალე შენობა. 


ცვინგერს მრავალრიცხოვანი პავილიონები და გალერეები ამშვენებენ. აქვეა ნიმფების შადრევანი, რომელიც საუკეთესო გასართობი და დასასვენებელი ადგილია. ასევე კარგი სანახაობაა ზარების პავილიონი ფაიფურის ზარებით, რომელიც ყოველ საათს ახალ მელოდიას აჟღერებენ.

ცვინგერის შენობებში საქსონიის მნიშვნელოვანი საგანძური ინახება: ფაიფურის კოლექცია, მათემატიკურ-ფიზიკური სალონი, იარაღის გამოფენა, მინერალოგიის და გეოლოგგის მუზეუმი, ასევე ძველი ფერწერული ტილოების გამოფენა. რამდენიმე დღეა საჭირო აქ ყველაფრის სანახავად.ზაფხულობით ცვინგერის ეზოში იმართება კონცერტები ღია ცის ქვეშ.

სასახლე და პილნიცის პარკი. საქსონიის მეფის საზაფხულო რეზიდენცია 2000-ზე მეტ ხემცენარით და 600 სახეობის მცენარით წელიწადის ყოველ დროს ულამაზეს გასეირნებას გთავაზობთ. ბოტანიკური განსაკუთრებულობა არის 230 წელზე მეტი ხნის კამელია, რომლის ნახვა ყვავილობის პერიოდში  შუა თებერვლიდან შუა აპრილამდე დამცავ ნაგებობაში შეიძლება. ისტორიულ პალმების სახლში ყურადღებას იქცევენ ავსტრალიური და სამხრეთაფრიკული მცენარეები. სასახლის მუზეუმი ახალ სასახლეში გვიყვება სასახლეების მოწყობის და სასახლის კარის ცხოვრების ისტორიაზე. კათოლიკური კაპელა აცოცხლებს სასახლის რელიგიურ ცხოვრებას და გვაახლოებს მასთან. 

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (Frauenkirche). ათეულობით წლების მანძილზე დრეზდენის გულში მდებარე ერთ დროს ამაყი ფრაუენკირხე სევდიან ნანგრევებად იყო ქცეული. ნანგრევებს შორის ხეები ამოზრდილიყო სიცოცხლის ნიშნად.

ტაძარი მე-18 საუკუნეში აიგო. მის საზეიმო გახსნას მოესწრნენ მაშინდელი მმართველი აუგუსტ ძლიერი, ასევე არქიტექტორი გეორგ ბერი. ტაძრის მყარმა კედლებმა გაუძლო პრუსიელების სამდღიან დაბომბვას შვიდწლიანი ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კი ინტენსიურმა დაბმობვებმა ტაძარი დაანგრია.

ხანგრძლივი განხილვების და დისკუსიების შედეგად გადაწყდა დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. 1990 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდებოდა.  2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა.

ტაძრისთვის დამახასიათებელია ნათელი, შუქის გამტარი შიდა სივრცე. ნაგებობის სიმბოლოა უზარმაზარი გუმბათი, რომელიც შორიდან თვალშისაცემს ხდის ქალაქის სილუეტს. 

 

ზემპერის ოპერა. საქსონიაში ვერსად შეხვდებით ხელოვნების და კულტურის ასეთ კონცენტრაციას, როგორც დრეზდენში. მაგრამ აბსოლუტური ცენტრი, სადაც ყოველ ნაბიჯზე მუზეუმები, გამოფენები და ა.შ. გვხვდება, არის თეატრის მოედანი ძველი ქალაქის გულში. ასევე ულამაზესი ზემპელის ოპერა, რომელიც შტამბეჭდავ მუსიკას გვაზიარებს, აქვეა ზემპერის გალერეა, ძველი ოსტატების ნამუშევრებით, ასევე მხატვრული შემოქმედების მუზეუმი. გვერდით არის სასახლის ეკლესია ცნობილი ორღანით და შთამბეჭდავი კონცერტებით.

გოტფრიდ ზემპერის მიერ აშენებული ოპერის სახლი ოპერის, ბალეტის, მუსიკის მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ის სამჯერაა აშენებული. პირველი შენობა დაიწვა 1869 წელს. დაბომბვამ ხელმეორედ დაანგრია შენობა 1945 წელს. ამჟამად ოპერის სახლი ბრწყინავს მშვენიერებით როგორც გარედან, ასევე მისი დარბაზი და შიდა ფასადი.

მეფე იოჰანის ცხენიანი ქანდაკება თეატრის მოედანზე არის შეხვედრის ადგილი წარმოდგენების შემდეგ. საოპერო წარმოდგენის ან კონცერტის დასრულებისას მაყურებლები ხშირად აქვე ეწვევიან ხოლმე ორ პოპულარუ რესტორანს, სადაც დისკუსიები იმართება ნანახი წარმოდგენის შესახებ.



ბრულის ტერასა. პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორემ ამ ადგილს ასევე ევროპის აივანი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საქსონიის სასტიკი მტერი იყო, არ შეეძლო ჯერ კიდევ მაშინ საყვარელი შეხვედრის ადგილი ქების გარეშე მოეხსენებინა. სანამ ტერასაზე მიხვალთ, კარგი იქნება თუ მას აუგუსტის ხიდიდან დავაკვირდებით. აქედან დიდებული ხედია. ჩანს ბრულშის ტერასა, როგორც მთლიანი კომპლექსი. აქედანვე ჩანს ძველი დრეზდენის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობა.

სასახლის მოედნიდან საფეხურებით ორი ქვის ლომს შორის გავლით მოვხვდებით ტერასაზე. ტრადიციული საცხოვრებელი მეორე პრინცისა, არის პირველი შენობა, რომელთანაც არის პოპულარული კაფე. ასევე ქანდაკება და სხვადასხვა ნაკეთობები, რომლებიც ხელოვნების აკადემიის სიახლოვეს გვაგრძნობინებენ. აქ გამოიზარდა ბევრი ცნობილი ხელოვანი, როგორებიცაა კანალეტო, ანტონ გრაფი, ოსკარ კოკოშკა, ოტო დიქსი.

ტერასის მეორე მხარეს, აღმოსავლეთით მდებარეობს გრაფ ბრიულის მიერ გაშენებული ბაღი შადრევნით და სფინქსებით. ბაღის გულში არის კასპარ დავიდ ფრიდრიხის პატივსაცემად აგებული პლასტიკური ნაკეთობა, რომელშიც ამოკვეთილია ყველა მხატვრისთვის ყურადსაღები აფორიზმი. ტერასის შუაგულში იყო ზემპერის მიერ აგებული სინაგოგა, რომელსაც გვახსენებს შვიდმკლავიანი შანდლის ქანდაკება. ტერასიდან ასევე იშლება დრეზდენის დიდებული ხედი.


 

 ბოტანიკური ბაღი. ბოტანიკური ბაღები განსაკუთრებული მუზეუმებია. ისინი მსოფლიოს მცენარეთა სამყაროში გვახედებენ. 1893 წელს გაიხსნა დრეზდენის ბოტანიკური ბაღი. ის გეოგრაფიულადაა დაყოფილი და გვთავაზობს ბოტანიკურ მოგზაურობას პატარა სივრცეში. ღია ცის ქვეშ და დასათვალიერებელ სათბურებში იზრდება მცენარეთა 10 000 სახეობა ხუთი კონტინენტიდან და სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან. ბევრ ახალს და მნიშვნელოვანს შეისწავლის აქ მნახველი. განსაკუთრებულია ერთწლიანი ზაფხულის ყვავილების კოლექცია, პელარგონიების კოლექცია და მრავალი სხვა. 

 

დიდი ბაღი დრეზდენის მწვანე ფილტვი. ეს არის არამარტო უდიდესი დრეზდენის 20 გამწვანებას შორის – დიდი ბაღი არის ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი პარკი დრეზდენში და საქსონიურi ბაღის ულამაზესი ნიმუში. რადგან აქ არის არა მხოლოდ ხეები, ბუჩქები, ყვავილები, მწვანე გაზონები, რომელიც 2 კმ²-ზეა გადაჭიმული, დიდ ბაღში ზოოპარკის გვერდით არის ბოტანიკური ბაღი, ღია სცენა, პარკის თეატრი, ულამაზესი ბაღის სასახლე, რომელიც პარკის შუაგულში მდებარეობს. სასახლე ფრანგული მოდელით აიგო და საქსონიაში პირველი ბაროკოს ტიპის ნაგებობა იყო. ის ბრწყინვალედაა შემკული და ულამაზესი ფიგურებით დამშვენებული. როგორც სასახლე, ის არასოდეს გამოიყენებოდა და გართობის დანიშნულება ჰქონდა. სასახლეში არის სკულპტურების გამოფენა. 


სასახლე წარმოადგენს უძველეს ბაროკოს ტიპის ნაგებობას. 50 ორიგინალური სკულპტურა, მათ შორის ბალთაზარ პერმოზერის, ბენჯამინ ტომაეს, იოჰან კრისტიან კირხნერის, გოტფრიდ კნიოფფლერის ნამუშევრები ულევ ინფორმაციას გვაწვდიან მე-17-18 საუკუნეების სკულპტურული ხელოვნების შესახებ.  ქანდაკებათა დიდი ნაწილი ცვინგერიდან არის, ზოგი ზეერჰაუზენის სასახლის პარკიდან და სხვა პარკებიდან, ასევე დრეზდენის ელიას სასაფლაოდან.

კონსერვატორული მოსაზრებით ექსპონატები თავდაპირველი ადგილიდან გადმოიტანეს და იქ მათი ასლები დადგეს. სასახლის დიდ ბაღში ხელოვნების ნიმუშები ისეა წარმოდგენილი, რომ ისტორიულ ელფერს არ კარგავენ.

დიდ ბაღს ორი ხეივანი აქვს, რომლებიც სასახლესთან ერთდება. ორივე ხეივანი საყვარელი სასეირნო და შეხვედრების ადგილია. განსაკუთრებული სანახაობაა პარკის მინიატურული რკინიგზა, რომელიც ბავშვების საყვარელი გასართობია.




ფოლკსვაგენის საწარმო “Glaserei”. აიგო ყოფილი გამოფენის ტერიტორიაზე, სტრასბურგის მოედანზე დრეზდენში. ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით. ტექნიკური აღჭურვილობის გარდა საწარმოს აქვს ასევე გასტრონომიული და კულტურული განყოფილებები. 2010 წლის დასაწყისისთვის საწარმოში 380 ადამიანი იყო დასაქმებული. 


ნაგებობა დაპროექტდა მიუნხენის არქიტექტურის ბიუროში. დაგეგმვის პერიოდში მწვავე დისკუსიები იმართებოდა დიდი ბაღის განაპირას მომავალი საწარმოს მდებარეობის გამო. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევდა ის ეკოლოგებს შორის. ისინი აპროტესტებდნენ საწარმოდან დრეზდენის ცენტრში მრავალრიცხოვანი მანქანების გადამზიდი ტრანსპორტის მოძრაობას. ფოლკსვაგენის ადმინისტრაციამ შესთავაზა ტრამვაის ხაზით ტვირთის გადატანა.
ცხოველთა დამცველები მინის ფასადის გამო ფრინველების უსაფრთხოებაზე ალაპარაკდნენ. არქიტექტორები თვლიდნენ რომ ბაროკოს სტილის ქალაქთან ასეთი შენობა დისჰარმონიას შექმნიდა.
დრეზდენის პარკის რკინიგზის სადგური ”სტრასბურგის მოედანი” გადატანილი იქნა. ძველი სადგურის ნაცვლად ახალი აშენდა, რომელიც მშვენივრად შეერწყა მინისფასადიანი საწარმოს დიზაინს.
საზოგადოებრივი ინიციატივით შეგროვდა 17600 ხელმოწერა ფოლკსვაგენის საწარმოს მშენებლობის წინააღმდეგ დიდ ბაღთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ გადაწყვეტილება შეჩერებულიყო.
1999 წელს საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას.
2002 წლის 19 მარტს საწარმო ოფიციალურად გაიხსნა. ოთხი დღის მანძილზე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული ამ საოცარი საწარმოს დასათვალიერებლად. 



მანქანების დამზადება ჯერ კიდევ გახსნამდე დაიწყო. ფაბრიკა მასპინძლობს ყველა დაინტერესებულ პირს მანქანების მშენებლობის პროცესის სანახავად.
საწარმოს ფოიე შეიძლება მრავალმხრივად იქნას გამოყენებული. 2002 წელს წყალდიდობის გამო დაზიანებული ზემპერის ოპერის დადგმა, ჟორჟ ბიზეს ”კარმენი” ერთი თვის მანძილზე იდგმებოდა მინის საწარმოში. 2005 წლიდან მორიზბურგის ფესტივალის კონცერტი რეგულარულად იმართება ამ ფოიეში.
          მინის საწარმოში არის რესტორანი ბარით.