Sunday, July 31, 2011

სანტორინი - თვალისმომჭრელი კუნძულები

ნამგალის ფორმის სანტორინის კუნძული მდებარეობს კრეტას ჩრდილოეთით, 100 კილომეტრის დაშორებით და გეოგრაფიულად ბერძნული კიკლადების არქიპელაგის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელშიც ასევე მიკონოსი შედის. კუნძულებს დახლოებით 90 კვ.კმ. ფართობი უკავია და 14 000 ადამიანითაა დასახლებული.

სანტორინი, თავის მხრივ,  სამი კუნძულისგან შედგება. მთავარი კუნძული თირა ნამგალის ფორმით უფრო პატარა კუნძულების თირასიას და ასპრონისის პირდაპირ მდებარეობს. 

 ძველი წელთაღრიცხვით 1628-1627 წლებში უდიდესი ზღვისქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რის შედეგადად წყლის უზარმაზარმა ნაკადმა კრეტაზე მინოიური კულტურის ძეგლები გაანადგურა. უძლიერესმა ვულკანმა კუნძული გახლიჩა და დღევანდელი ფორმა მისცა.

ყველაზე მაღალი მთა არის ელიას მთა 565 მ. სანტორინი ტურისტებისთვის გახსნილია, აქვს საკუთარი აეროპორტი, ასევე ულამაზესია მოგზაურობა გემით. კუნძულზე არის საუკეთესო სასტუმროები, ბანაკები, კერძო სასტუმროები. 

 

სანტორინისთვის დამახასიათებელია თეთრი და ყვავილებით შემკული სახლები. ბევრი მათგანი ლურჯი სახურავით არის დახურული - ეს პატარა ზომის მართლმადიდებლური ეკლესიაა. ყოველი ასეთი პატარა ეკლესია, რომელიმე ადგილობრივი ან ჩამოსული ოჯახის მიერ არის აშენებული რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად და უფლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად. სანტორინის აქვს რამდენიმე პლიაჟი. ყველაზე ცნობილია კამარი.

ძველი თერა

გერმანელმა ბარონმა ჰილერ ფონ გერტინგენმა 1866-1902 წლებში თავისი ხარჯებით მოაწყო გათხრები და მესავოუნოს მთაზე 6 მ. სისქის მიწის და ფერფლის ქვეშ აღმოაჩინა ანტიკური ქალაქის - თერას ნაშთები. 

თერა ძველი წელთაღრიცხვით 1000 წელს დააარსეს დორიელებმა, რომლებმაც საბერძნეთზე გაიარეს. ძველი წელთაღრიცხვით 630 წელს თერადან გადმოსახლებულებმა დააარსეს ჩრდილოაფრიკული კოლონია კირინიე. თერაში შემორჩენილი შენობების ნაშთები ელინურ ეპოქას მიეკუთვნება (322-169 ძვ.წ.), როდესაც ეგვიპტეში მცხოვრები მმართველები პროლემეირის დინასტიიდან ეგეოსის კუნძულებს აკონტროლებდნენ. სანტორინი მათთვის იყო საზღვაო ფლოტის ბაზა. კამარის სანაპიროს და მესავოუნოს ციცაბო კლდოვან ნაპირს შორის კუთხე მათთვის ხელსაყრელი ნავსადგური იყო, რადგან სამი მხრიდან ციცაბო კლდოვანი ნაპირი აქვს და ამიტომ ქალაქი ძნელად დასაპყრობად ითვლებოდა. რომაელთა ხანაში ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

ძველი თერა მდებარეობს მთებში, კამარის და პერისას სანაპიროებს შორის. 

 დათვალიერება იწყება პატარა სამლოცველოთი Agios Stefanos, სადაც შეინიშნება ადრექრისტიანული ბაზილიკის ნარჩენები. კლდოვან პლატფორმასთან მივყავართ გზას, სადაც პტოლემეელი ადმირალის ბრძანებით ტაძარი იყო აგებული. კედლის რელიეფურ ნამუშევარზე არწივი ზევსის სიმბოლოა, ლომი აპოლონის, დელფინი ზღვის ღმერთის პოსეიდონის. ასევე შესაძლებელია ტაძრის დამაარსებლის სურათის ნახვა. შემდეგ გზა ანტიკურ აგორასთან მიდის, საბაზრო მოედანთან, სვეტებიანი დარბაზების და ნაყოფიერების სიმბოლოს დიონისეს ტაძრის ნაშთებით. მარცხნივ გვხვდება პტოლემეურ-რომაული ტაძარი და რომაული აბანოები. შემდეგ მივდივართ კლოდვან ადგილას, რომელიც აპოლონის კულტის ცენტრი იყო. ამ ტერასაზე ასევე მდებარეობდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის აპოლონის ტაძარი, რომლისგანაც ბევრი აღარაფერია შემორჩენილი.

 ფირას მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი 

 

თანამედროვე ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი კუნძულების დედაქალაქ ფირაზე მაღალი გუმბათით ულამაზესი სასტუმრო ატლანტისის გვერდით მდებარეობს. ეკლესია ღმრთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. 1956 წლის მიწისძვრის შემდეგ ის თითქმის ახლიდან აშენდა და ულამაზესი კედლის მხატვრობით შეიმკო. 

 კაპ აკროტირი და მისი შუქურას კოშკი

სანტორინის სამხრეთ-დასავლეთით არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც უმშვენიერესი შუქურიანი კოშკია აგებული. 110 მ. სიმაღლიდან ის გზას უჩვენებს კრეტადან და როდოსიდან მომავალ გემებს. 

 შუქურას გარშემო შესაძლებელია კლდოვან ბორცვებზე აცოცება და განმარტოებული და წყნარი ადგილის მონახვა, რათა აქედან კრეტის ზღვის და გარემოს სილამაზით დატკბეთ. მზის ჩასვლის პერიოდი განსაკუთრებით ლამაზია ამ ადგილას.

სანტორინის სანაპიროები

წითელი სანაპირო

ეს სანაპირო 200 მ. სიგრძისაა და გადაჭიმულია წითელლავა ციცაბო სანაპიროზე. აკტორინის სადგურიდან აქ 15 წუთში შეიძლება ფეხით მისვლა, შესაძლებელია ნავის დაქირავებაც. სანაპირო ულამაზესია. აქვე შეიძლება ქოლგის და შეზლონგის დაქირავება და ცივი სასმელების გასინჯვა. 

 თეთრი სანაპირო

თეთრი სანაპირო მხოლოდ 70 მ. სირძისაა. სანაპირომდე მისვლა ნავით არის შესაძლებელი. სანაპიროზე მისასვლელი უხეში ქვიშითაა დაფარული და ამიტომ ფეხით მისვლა არ არის სასურველი. 

 

თეთრი სანაპირო ქვიანია. აქაც შესაძლებელია დასვენება და ცივი სასმელების დაგემოვნება. თეთრი სანაპიროდან ცურვა პატარა თეთრ კლდეებს შორის არის ულამაზესი. ცხელ სეზონზე აქ უამრავი ხალხია. 

 პერივოლის სანაპირო

პერივოლის სანაპირო არის ფაფუკი ქვიშიანი და სანტორინიზე ყველაზე გრძელი. ის 20-30მ. სიგანისაა და ადვილად მისასვლელი ფეხითაც და საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. 

 

სანაპიროს ვიწრო ქუჩას გარს აკრავს ტავერნები, თვალშისაცემად ლამაზად მოწყობილი ბარები, სადაც მუდამ ხალხმრავლობაა და სასმელების ყველა სახეობას გვთავაზობენ, განსაკუთრებით კოქტეილს და შამპანურს. სანაპიროზე შესაძლებელია წყლის სპორტის სახეობებში თავის გამოჩენაც. 

 

ვლიხადას სანაპირო

ვლიხადას სანაპირო იწყება  ამავე სახელობის იახტების და სამაშველო სამსახურის ახალი ნავსადგურიდან და სამხრეთისკენ არის გადაჭიმული თითქმის 1 კილომეტრზე.

სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ულამაზესი სანაპიროს ბარი "Thros Beach". აქვეა ფრენბურთის მოედანი. 

მონოლითოს სანაპირო

მონოლითოს სანაპირო შორიდან თვალშისაცემია იმ ლამაზი კლდის გამო, საიდანაც მეზობელი კუნძული ანაფი ჩანს და რომლის სახელიც სანაპიროს ეწოდა. ის არის 33 მ. სიმაღლის და 200 მლნ. წელზე მეტი ხნის.სანაპიროზე არის უძველესი ტავერნა სკარამანგასი, სადაც თევზის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი.