Saturday, July 9, 2011

ბარსელონა - არქიტექტურული საოცრება

ბარსელონა ცნობილია როგორც ესპანეთის მეორე დედაქალაქი. ის ჩრდილოეთ ესპანეთის რეგიონის, კატალონიის დედაქალაქია, რომელისაც აქვს თავის ტრადიციები, სამზარეულო და ენაც. კატალონიელები ამაყობენ თავისი მდიდარი მემკვიდრეობით და წარმატებით უთავსებენ მას თანამედროვეობას. ახალი ნაგებობები საოცარი ჰარმონიითაა შერწყმული ისტორიულ ძეგლებთან. კულტურათა ეს შეთავსება ბარსელონას აქცევს მიმზიდველ და წარმტაც სამოგზაურო ადგილად. 


აღმოაჩინეთ კატალონიის მეტროპოლი ხმელთაშუა ზღვისპირას. იარეთ ანტონიო გაუდის ნაკვალევზე, აღფრთოვანდით მრავალრიცხოვანი გამოფენებით და იხეტიალეთ ლას რამბლასზე. დატკბით მრავალფეროვანი ხედებით ნავსადგურიდან, გიუელის პარკიდან, მონტიუკის მთიდან.
 
        გიუელის პარკი
        არქიტექტორ ანტონი გაუდის 1900 წელს დაევალა ქალაქის ბაღის პროექტის შემუშავება და აგება. ეს ბაღი გაუდის ყველაზე მრავალფეროვანი და გენიალური ქმნილება გახდა. აქ მდებარეობს ქვის შთამბეჭდავი კონსტრუქციები, ულამაზესი მოზაიკით, საოცარი ნაგებობებით.
დიდი ტერასიდან იშლება ხედი ბარსელონას შენობებზე. აქვეა პატარა ხელოვნების ნიმუშები. აქ იკრიბებიან მნახველები, მუსიკოსები, მხატვრები.
გიუელის პარკის მშენებლობისას გაუდიმ საოცრად შეუხამა პარკს არსებული ლანდშაფტი. 


          წმიდა ოჯახის (Sagrada Familia) ტაძარი 
        გაუდის დაუმთავრებელი შედევრი არის ბარსელონას უჩვეული და ცნობილი ღირშესანიშნაობა. თავის ბოლო ქმნილებაში გაუდიმ ჩადო მთელი შემოქმედებითი ენერგია და გაქანება. ტაძრის ისტორია იწყება I საუკუიდან. XI საუკუნეში ის რომანულ ტაძრად გადაკეთდა და მცირე ხანში დაიწყო მისი გარდასახვა რომანულ ეკლესიად.
 თითისტარის ფორმის კოშკები 115 მეტრამდე სიმაღლისაა. ჯერ დაუმთავრებელი მთავარი გუმბათის ზემოთა კოშკის სიმაღლე 170 მეტრი უნდა იყოს. ის ჯერაც შენდება. რადგან ყოველი ქვა ხელით უნდა იყოს დამუშავებული. ინდუსტიულად დამზადებული ქვების გამოყენება აქ არ შეიძლება. 

 1926 წელს ანტონიო გაუდი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ის დილით ეკლესიაში მიდიოდა წირვაზე დასასწრებად, ტრამვაი რომ შეეჯახა. მისი სიკვდილის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. დღეს ის გრძელდება შემოწირულობებით დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოებით. 


 Casa Milà
კაზა მილას მშენებლობა 1910 წელს დასრულდა.  მას ასევე La Pedrera ნუ ქვის სამტეხლო ეწოდება. გენიალურად შემუშავებული კონსტრუქციის წყალობით შესაძლებელია ბუნებრივი ჰაერაცია და კონდიციონერის საჭიროება აქ არ არსებობს. ბინებში ოთახების პლანირების ცვლილება შეიძლება "მოძრავი" კედლების მეშვეობით. განსაკუთრებით აღსანიშნავია კაზა მილას აივნის გისოსები. ყოველი მათგანი განსხვავებულია. კაზა მილაში შესაძლებელია ზოგიერთი ბინის დათვალიერებაც.
1984 წელს la Pedrera იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 


 კაზა ბატლო 
ეს შედევრი ბუნებასთან შერწყმულობის კიდევ ერთი საოცარი დადასტურებაა. აივნები ადამიანის სახეს გვაგონებს, ლამაზ სვეტებზე, როგორც ფეხებზე დგას ეს ცოცხალი ქმნილება. შენობის გარე ფასადი თავისი ფერებით რიფებს და ზღვის ტალღებს გვაგონებს. სახურავი თითქოს დრაკონის ზურგია. კაზა ბატლოში წმიდა გიორგის მიერ ურჩხულის მოკვლის მოტივებია ჩაქსოვილი. 
შენობა ანტონიო გაუდის მიერ აიგო 1904-1906 წლებში. 1995 წელს მას საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 


     მონტიუკის ციხესიმაგრე 

    საბაგირო გზით შეიძლება მთის ფერდობზე მდებარე ციხესიმაგრესთან მოხვედრა. მონტიუკის ციხე ბარსელონას გადაჰყურებს. აქედან უმშვენიერესი ხედი იშლება ქალაქზე და ნავსადგურზე.  

ციხესიმაგრე აიგო ქალაქის და ნავსადგურის დასაცავად. პირველი კედლები 1640 წელს აღიმართა. ფილიპ IV-ის წინააღმდეგ აჯანყების დროს ძველი ციხე დაინგრა და შემდეგ წლებში მონტიუკის ციხესიმაგრე დღევანდელი ფორმით აშენდა. გარდა ამისა, ის 120 ზარბაზნით აღიჭურვა. 

    დღეს ნაგებობა წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს ცენტრალისტური რეპრესიებისა და კატალონური მმართველობისა. ფრანკოს რეჟიმის დროს აქ ამ რეჟიმის მრავალი მოწინააღმდეგე დაიჭირეს და დასაჯეს. სამხედრო საპატიმროს პერიოდის შემდეგ ის სამხედრო მუზეუმს წარმოადგენს. 

 ტრიუმფალური თაღი ბარსელონაში

ტრიუმფალური თაღი 1888 წელს აიგო ბარსელონაში. 30 მეტრიანი თაღი აიგო მსოფლიო გამოფენისთვის. ის მთავარი შესასვლელი იყო დიდ გამოფენასთან. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც სიმბლოა ბარსელონას მასპინძლობისა. თაღის ზედა ნაწილში გამოსახულია ბარსელონას და ესპანეთის პროვინციების გერბები. არქიტექტორია ჯოზეფ ვილასეკა იკაზანოვასი, რომელმაც წითელი თაღი ახლებურ სტილში ააგო. 

    საკათედრო ტაძარი

   ქალაქის ცენტრში აღმართულია ბარსელონას ცნობილი გოთიკური საკათედრო ტაძარი. შთამბეჭდავი ნაგებობა ასევე ლა სეუდ იწოდება და ბარსელონას მფარველად ითვლება. ტაძარი წმიდა ევლალიას სახელზეა აგებული. 

 იმ ადგილას, სადაც საკათედრო ეკლესიაა, ადრე რომაული ტაძარი იყო. XIII-XV საუკუნეებში აქ ძველი ეკლესიის ადგილას საკათედრო ტაძარი აიგო. გოთიკური ფასადი XIX საუკუნეში შეიქმნა. 

    წმიდა ევლალია რომაელების მმართველობის დროს ეწამა. გადმოცემის თანახმად, ის შიშველი დააყენეს მოედანზე ადრეული გაზაფხულის ცივ დღეს. საოცარმა ნამქერმა  დაფარა მისი სიშიშვლე. გაავებულმა რომაელებმა ის კასრში ჩასვეს, სადაც დანები იყო გაყრილი და ეს კასრი ქუჩებში აგორეს. ნაწამები წმიდა ქალწულის ცხდარი საკათედრო ტაძრის საკურთხეველში განისვენებს.

   სანტა მარია დელ მარი

ლა რიბერას რაიონში მდებარეობს გოთიკური ტაძარი სანტა მარია დელ მარი. ვიწრო ქუჩებს შორის ტაძარი მთლიანად არ ჩანს. ტაძრის განსაკუთრებულობას წარმოადგენს სამშენებლო სტილის ერთიანობა. ტაძარი 1383 წელს დასრულდა. მშენებლებს 1379 წელს დიდი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. ცეცხლმა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილები დააზიანა. მიუხედავად ამისა, 1383 წლის 15 აგვისტოს აქ პირველი მესა ჩატარდა. 1428 წლის მიწისძვრამ ასევე დიდი ზიანი მიაყენა ტაძარს, რის გამოსწორებასაც რამდენიმე წელი დასჭირდა. 

    სრულიად განსხვავებულია ტაძრის შიდა სივრცე, ვიდრე ამას გარედან ივარაუდებთ. ფერადი სარკმლებიდან შუქი იღვრება. ბარსელონას სხვა ტაძრებისგან განსხვავებით აქ ხატებს ვერ ნახავთ. ისინი დაიწვა 1936 წლის არეულობების დროს.

    სანტა მარია დელ მარის ეკლესია უკვდავყოფილია ფალკონეს რომანში ”ზღვის საკათედრო ტაძარი”. 

   კოლუმბის სვეტი

    რამბლას ბოლოს ზღვის მიმართულებით აღმართულია ბარსელონას სიმბოლო - სვეტზე აგებული კოლუმბის ქანდაკება. სვეტი 60 მეტრის სიმაღლისაა. ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება ამ სიმაღლიდან იყურება ამერიკის მხარეს. ქანდაკება აიგო 1888 წელს მსოფლიო გამოფენისთვის. ის ეძღვნება ქრისტეფორე კოლუმბის დაბრუნებას ამერიკიდან, როდესაც მას მეფე ფერდინანდი და დედოფალი იზაბელი შეეგებნენ.კვარცხლბეკი ბრინჯაოთია მოპირკეთებული. შიგნით გაეცნობით ისტორიას ამერიკის აღმოჩენის შესახებ.
მნახველებს შეუძლიათ ლიფტით ავიდნენ სვეტის გადმოსახედზე და დატკბნენ ქალაქის და ნავსადგურის ხედით. 


   ბარსელონას აკვარიუმი

პორტთან ახლოს რამბლა დე მართან არის ბარსელონას მშვენიერი სანახაობა აკვარიუმი. ამ გრძელ გამჭირვალე შენობაში თევზები და ზღვის სხვა ბინადარნი ცხოვრობენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ტროპიკული და ხმელთაშუა ზღვის ცხოველები.

    განსაკუთრებით პოპულარულია ზვიგენის ნიჟარა, რომელშიც მინის გვირაბს მივყავართ. დიდი ზვიგენები მნახველებთან უჩვეულოდ ახლოს მოდიან. აკვარიუმში დიდ და პატარა მნახველებს თვალწინ ეშლებათ მიმზიდველი და ხშირად მისტერიული წყალქვეშა სამყარო, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. 

   ლაბირინთის პარკი

   ლაბირინთის პარკი ცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს. ამ მიდამოებში არის მრავალრიცხოვანი წყაროები, რის გამოც აქ ხილი, ბოსტნეული და ვაზი იყო მოშენებული. XVIII საუკუნეში ამ ადგილას თავადებისთვის საზაფხულო რეზიდენცია გაშენდა.

 პარკი მთის ფერდობზეა გაშენებული და 40 მეტრიდან გადმოყურებს ქალაქს. არეალის მთავარი სანახაობა არის ლაბირინთი, რომელიც 1792 წელს გაშენდა. დამაბნეველი ბაღის კედლები კიპარისებისგან აიგო. შუაგულში არის მიზანი: მრგვალი მოედანი ეროსის ქანდაკებით. 

    ლაბირინთის გარდა პარკში არის მრავალრიცხოვანი უმშვენიერესი ადგილები დასასვენებლად.

   ტიბიდაბო

   ტიბიდაბო არის მთა ბარსელონას თავზე. აქ არამარტო განუმეორებელი ხედია ქალაქზე, არამედ სხვა მრავალი სანახაობაც. 512 მეტრი სიმაღლის მთაზე მდებარეობს ეკლესია, პარკი, სატელევიზიო ანძა.ტიბიდაბოს მთა არის ბარსელონას გარშემო ყველაზე მაღალი მთა. აქ მოხვედრა შეიძლება საბაგირო გზით. 

 მთის მწვერვალზე აგებული ეკლესია 1902-1961 წლებში აშენდა. Sagrat Cor წმიდა გულს ნიშნავს და იგულისხმება იესოს გული. ეკლესიის თავზე აღმართულია იესოს ბრინჯაოს ქანდაკება. კოშკებზე ასვლა შესაძლებელია. 

 ტიბიდაბოს პარკი არის საკმაოდ დიდი, 7 ჰექტარი ფართობის. ამ საოჯახო პარკში ყველა იპოვის თავის შესაფერის გასართობს.

 სატელევიზიო ანძაზე არის შესანიშნავი გადმოსახედი. დამთვალიერებლებს მშვენიერი პანორამა გადაეშლებათ ბარსელონას ყველაზე მაღალი წერტილიდან. 

ციტადელის პარკი.

Der Parc de la Ciutadella არის როგორც მწვანე ოაზისი ბარსელონას ცენტრში. პარკის ცენტრში კატალონიის პარლამენტი მდებარეობს. პარკში არის ზოოპარკი, ჩანჩქერი და მუზეუმები. 

 პარკის აგებამდე აქ ფილიპ V-ს ციტადელი იდგა. რომელმაც 1714 წელს ქალაქი დაიპყრო. ცენტრალური დიდი ციტადელიდან ბარსელონას მოქალაქეებზე ბატონობა უფრო ხელსაყრელი იყო. მისი მმართველობის დასრულების შემდეგ ეს უსიამოვნო მოგონებებთან დაკავშირებული შენობა დაანგრიეს.
დანგრეული ციტადელის ადგილას აღიმართა პარკი, რომელშიც 1888 წელს მსოფლიო გამოფენა გაიმართა. 


ბარსელონას ბაზრობა

   ბარსელონას ცენტრში მდებარეობს ბოქუერია. ის არის ქალაქის ულამაზესი სავაჭრო დარბაზი. ულამაზესი დეკორაციები მოწყობილია მინის მოზაიკით. რამბლაზე სეირნობისას ადვილად შეამჩნევთ ბაზრობის შესასვლელს. აქ ძალზე შთამბეჭდავია  ხილის და ბოსტნეულის დახლები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს გვაგონებენ. თევზის დახლებთან ნახავთ ყველაფერს, რაც კი ზღვაში შეიძლება დაიჭიროთ. მრავალფეროვნება არის უსაზღვრო. დარბაზებში ხეტიალი დიდ სიამოვნებას ანიჭებს სტუმარს. 

 ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში აქ ქუჩის ბაზრობა იყო. 1826 წელს ეს კანონით აიკრძალა და მოგვიანებით სპეციალური შენობა აიგო. 1914 წელს საზეიმოდ გაიხსნა განახლებული შენობა მეტალის გადახურვით.