Thursday, August 18, 2011

მეტეორა - ღრუბლებში მოლივლივე მონასტრები

მეტეორას სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საბერძნეთში, პინდოს მთის აღმოსავლეთით, თესალიის ქალაქ კალამბაკასთან. მონასტერი  UNESCO-ს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაშია შეტანილი. სახელი ”მეტეორა” წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ”მეტეორიზო”, რაც სიმაღლეზე ასვლას ნიშნავს. ეს სახელი მონასტრის მდებარეობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მაღალ კლდეებზეა გაშენებული და ნისლიან ამინდში ჰაერში მოლივლივე გეგონებათ.

საერთო კომპლექსი შედგება 24 მონასტრისა და კელიისგან. ამ მონასტრებიდან დღეს მხოლოდ ხუთია დასახლებული, დანარჩენი თვრამეტი ან ძნელად მისასვლელია ან ჩამონგრევის საფრთხის გამო არის მიტოვებული.
მონასტერს, გადმოცემის თანახმად, პირველი ბინადარნი XI საუკუნიდან ჰყავს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნიდან. წლების განმავლობაში მონასტრის ძმობა ორგანიზებული ხდებოდა წმიდა მთის ათონის მონასტრის მაგალითზე. მოგვიანებით აქ მოღვაწე ბერებმა შექმნეს პირველი მონასტერი - დოუპიანი.

ათონის მთიდან წამოსული ბერის, ათანასეს, დასახლების შემდეგ 1334 წელს, რეგიონში სამონასტრო ცხოვრების განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. 1344 წელს წმინდა მამა ათანასემ თავის სულიერ მამასთან გრეგორიუსთან და 14 ბერთან ერთად დაარსა მონასტერი Metamórphosis, ცნობილი ასევე როგორც Megálo Metéoro. მამა ათანასემ დაადგინა მონასტრის წეს-განგებაც. გარდაცვალების შემდეგ ის წმიდანად იქნა აღიარებული.
XIV საუკუნის მანძილზე მეტეორაზე ახალი მონასტრები აშენდა. ამ მონასტრებს  ფინანსურად ეხმარებოდნენ ქვეყნის მორწმუნე ხელისუფალნი. წლების მანძილზე დაარსდა რამდენიმე მონასტერი, რომელთა დამაარსებლების სახელები მხოლოდ ნაწილობრივ შემოინახა.
           მეტეორაზე სამონსასტრო ცხოვრება ყვაოდა XV-XVI საუკუნეებში. შემდეგ პერიოდში კი 24 მონასტრიდან უმეტესობა თანდათან დაინგრა და დღეს მხოლოდ ხუთია მოქმედი: Metamórphosis, Varlaám, Rousánou, Agía Triáda, Agios Stéfanos და Agios Nikólaos Anapavsás. დღეს მათი დათვალიერება შესაძლებელია.   

Doúpiani: ეს მონასტერი არის პირველი, რომელიც მეტეორაზე დაარსდა. თავად მონასტერმა დღემდე ვერ მოაღწია, მაგრამ XIII საუკუნის სამლოცველო დღემდე დაცული და მოქმედია. სარემონტო სამუშაოები ჩატარდა 1867 და 1974 წლებში.
Filakaé Monakón: გადმოცემის თანახმად ამ კლდეზე ბერების საპყრობილე იყო. ბერები, რომლებიც მონასტრის მკაცრ წესებს არ ემორჩილებოდნენ, აქ იგზავნებოდნენ სინანულისთვის.
Agios Nikólaos Anapavsás: მონასტერი დღესაც დასახლებულია. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში მოღვაწეობენ ბერები, რომლებიც ადრე ტაძარში ცხოვრობდნენ. უნიკალურია თეოფანე კრიტელის ფრესკები და მხატვრობა, რომელიც XVI საუკუნით თარიღდება.
 Rousánou (Arsánou): ჯერაც დასახლებული მონასტერი, გადამოცემის თანახმად 1388 წელს დაარსდა. სხვა წყაროები დაარსების თარიღად 1288 წელს ასახელებენ. ისტორიული დადასტურება ჯერ არც ერთ თარიღს არ მოუპოვებია. ბევრი თავდასხმის და აოხრების შემდეგ, Rousánou დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. 1950 წელს კომპლექსის შენარჩუნებისთვის ჩატარდა ფართო მაშტაბიანი სარესტავრაციო სამუშაოები და დღეს ის დეადთა მონასტერია. აღსანიშნავია მონასტრის XVI საუკუნის ფრესკები.

Varlaám: XIV საუკუნეში დაარსებული მონასტერი დღესაც დასახლებულია. პირველი ბერის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც აქ დასახლდა, მონასტერი მცირე ხნით გაუკაცრიელდა. 1518 წელს დაიწყო მონასტრის მშენებლობა, რომელიც 1535 წელს დასრულდა. 1779 წელს ერთი მოგზაური წერდა, რომ მონასტრის მშენებლობის დღიდან ამ ტერიტორიაზე ქალს ფეხი არ დაუდგამს. 

Metamórphosis, ასევე ცნობილი როგორც Megálo Metéoro. სამონასტრო კომპლექსი 60000 კვ.მ ფართობით არის ყველაზე დიდი მეტეორას მონასტრებს შორის. ის განლაგებულია ზღვის დონიდან 613 მ. სიმაღლეზე და დღესაც ბერებითაა დასახლებული. სახელი Metéoro - მოლივლივე - მონასტერმა მიიღო მისი დამაარსებლის ბერი ათანასესგან. მანამდე პლატოს ერქვა Platýlithos - ბრტყელი ქვა. 1923 წლამდე მონასტერში ასვლა მხოლოდ თოკის კიბით შეიძლებოდა. დღეს 143 საფეხურიანი ქვის კიბეს და გვირაბს მივყავართ სამონასტრო კომპლექსში. მთავარ ეკლესიაში შემორჩენილია 1552 წლის ფრესკები. აღსანიშნავია ასევე ათანასეს გამოქვაბული მონასტრის შესასვლელში. 

Agía Triáda: (წმიდა სამება) მონასტერი სავარაუდოდ 1458-1476 წლებში აშენდა. ზუსტი თარიღები არ არის ცნობილი. მონასტერი დღესაც მოქმედია. თავიდან მისასვლელი მხოლოდ თოკის კიბით იყო. 1925 წელს მანესტერს გაუკეთეს კლდეში ნაკვეთი საფეხურები. ეკლესია შემკობილია ფრესკებით, რომლებიც 1741 წლით თარიღდება. აღსანიშნავია 1539 წლით დათარიღებული მონასტრის სახარება. დაბეჭდილი სახარება ვერცხლის ყდით ვენეციიდან არის ჩამოტანილი. ეს მონასტერი ცნობილია მთელ მსოფლიოში. ჯეიმს-ბონდის სერიალის ერთ-ერთი ფილმის, ”სასიკვდილო მისია”, ერთი ნაწილი ამ  მონასტრის ტერიტორიაზეა გადაღებული. 

Agios Stéphanos: დაახლოებით 1400 წელს დასრულებული მონასტერი დღესაც მოქმედია. კლდეზე მოსახლეები ბევრად უფრო ადრე გამოჩნდნენ. 1927 წლამდე შემორჩენილი იყო წარწერა, რომელიც 1192 წელს მონასტრის ძმობასთან შეერთების მსურველთათვის იყო განკუთვნილი. მონასტერს ასევე ”სამეფოს” უწოდებენ, რაც 1333 წელს კეისარ ანდრონიკოს III ვიზიტთან არის დაკავშირებული. ხელისუფალი იმდენად მოიხიბლა ბერების სტუმართმოყვარეობით, რომ უხვი წყალობა გაიღო და მიწებიც გადასცა მონასტერს. XIX საუკუნეში 30-ზე მეტი ბერი ცხოვრობდა მონასტერში და მათი რიცხვი მატულობდა. 1960 წელს მონასტერი თითქმის დაცარიელდა და 1961 წელს აქ დედათა მონასტერი დაარსდა. განსაკუთრებული სანახაობაა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ეპისკოპოსის ტახტი და საგალობლების პულტი. 

 მეტეორას კლდეები ასევე არის ალპინისტების საყვარელი ადგილი საბერძნეთში. ამ კუთხით მეტეორათი პირველად დაინტერესდა გერმანელი ალპინისტი დიტრიხ ჰასე, რომელმაც სახელმძღვანელოც შექმნა აქ ექსკურსიების და ალპინიადების მსურველთათვის.