Sunday, July 3, 2011

დრეზდენი - ხელოვნების, ისტორიის და მითების ქალაქი

 საქსონიის დედაქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ოდესღაც მას ელბის ფლორენციასაც ეძახდნენ იტალიური სტილის დიდებული არქიტექტურის გამო.


 მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ქალაქი თითქმის ნანგრევებად იქცა. თუმცა დღეს ის ერთ-ერთი ულამაზესია გერმანიაში. ქალაქის ახალი ნაწილი ყვავის როგორც არასდროს, დიდი ბაღი და სხვა გამწვანებები ამკობენ ქალაქს.

გალერეა – ძველი მხატვრები. ეს მუზეუმი განთქმულია მსოფლიოში. გალერეის  განსაკუთრებულ საგანძურს წარმოადგენს რენესანსის ეპოქის იტალიური მხატვრობა, რაფაელის, ტიციანის, ჯორჯონეს ფერწერული ტილოებით. ასევე მნიშვნელოვანია მე-17 საუკუნის ჰოლანდიური და ფლამანდიური მხატვრობა რემბრანდტის, ვერმეერის, რუბენსის ნაწარმოებებით. გალერეა ასევე წარმოგვიდგენს ძველგერმანული და ძველ ჰოლანდიური მხატვრობის შედევრებს, მათ შორის ვან ეიკის, დიურერის, კრანახის და ჰოლბაინის მხატვრობას. მუზეუმი ასევე ფლობს მე-17 საუკუნის ესპანელ და ფრანგ ხელოვანთა დიდებულ ნაწარმოებებს. ეს და სხვა დიდებული შედევრები, ასევე გალერეის ბრწყინვალე გარემო ყოველწლიურად ასიათასობით მნახველს იზიდავს.

 

საკათედრო ტაძარი. ტაძარი არის ბაროკოს ტიპის უახლესი ნაგებობა დრეზდენში. მოიცავს 4800 კვადრატულ მეტრ ფართობს. ეს არის საქსონიის უდიდესი ტაძარი. სამების სახელობის ტაძრის აკლდამაში მდებარეობს მეფეების და მათი ნათესავების 49 სარკოფაგი.
ტაძრის თაღებს ამკობს 78 ქვის ფიგურა, რომლებიც ლორენცო მატიელის მიერ არის შექმნილი და წარმოგვიდგენს მოციქულების, წმინდანების გამოსახულებებს. ტაძარი აიგო 1739-1755 წლებში იტალიელი არქიტექტორის გაეტანო ჩიავერის მიერ. იტალიელი მშენებლების შესახებ გვახსენებს მიმდებარე რესტორანი ”იტალიური სოფელი”. ტაძარი კათოლიკურია და პროტესტანტულ საქსონიაში მისი მშენებლობა საიდუმლოდ დაიგეგმა.
1980 წლიდან სამეფო საკათედრო ტაძარი არის დრეზდენ-მაისენის ეპარქიაში. ტაძრის განსაკუთრებულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს პერმოსერსის როკოკოს სტილის კათედრა, მენგის საკურთხევლის მხატვრობა და ზილბერმანის ორღანი. 



სამხედრო-ისტორიული მუზეუმი. გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ისტორიული მუზეუმი საინტერესოა არქიტექტურულად და შინაარსობრივად. სამხედრო ისტორია აქ ყველასთვის გასაგებად, ისტორიულ კონტექსტშია წარმოდგენილი. ის შთამბეჭდავია თავისი გამოფენებით, პროგრამებით და ინტერესს გვრის როგორც სამხედრო პირებს, ასევე ტურისტებს, მოსწავლეებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს. არქიტექტორია დანიელ ლიბესკინდი, რომლის 25 მეტრიანი უნიკალური ნაგებობიდან ულამაზესი ხედი იშლება ძველ დრეზდენზე. 

 

ცვინგერის სასახლე. ცვინგერს ხშირად აიგივებენ მცნებებთან, როგორიცაა გისოსები, რკინის ჭიშკარი და ასე შემდეგ, მაგრამ დრეზდენის ცვინგერს ამ წარმოდგენებთან არაფერი აქვს საერთო.  1709-1732 წლებში ააგო თავისი დროის გენიალურმა არქიტექტორმა მათიას დანიელ პიოპელმანმა. სკულპტურებით შეამკო განთქმულმა ბალთაზარ პერმოზერმა. ბრწყინვალე ბაროკოს ტიპის ნაგებობა თავიდან გართობის და სიამოვნებისთვის იყო განკუთვნილი. აქ იმართებოდა კონცერტები, მეჯლისები, გასართობი საღამოები. საომარი სახელწოდება ცვინგერმა მიიღო ყოფილი ცვინგერის სასახლიდან, რომელიც ქალაქის ძველი გალავნის ნაწილი იყო. მის ადგილას აიგო ეს ბრწყინვალე შენობა. 


ცვინგერს მრავალრიცხოვანი პავილიონები და გალერეები ამშვენებენ. აქვეა ნიმფების შადრევანი, რომელიც საუკეთესო გასართობი და დასასვენებელი ადგილია. ასევე კარგი სანახაობაა ზარების პავილიონი ფაიფურის ზარებით, რომელიც ყოველ საათს ახალ მელოდიას აჟღერებენ.

ცვინგერის შენობებში საქსონიის მნიშვნელოვანი საგანძური ინახება: ფაიფურის კოლექცია, მათემატიკურ-ფიზიკური სალონი, იარაღის გამოფენა, მინერალოგიის და გეოლოგგის მუზეუმი, ასევე ძველი ფერწერული ტილოების გამოფენა. რამდენიმე დღეა საჭირო აქ ყველაფრის სანახავად.ზაფხულობით ცვინგერის ეზოში იმართება კონცერტები ღია ცის ქვეშ.

სასახლე და პილნიცის პარკი. საქსონიის მეფის საზაფხულო რეზიდენცია 2000-ზე მეტ ხემცენარით და 600 სახეობის მცენარით წელიწადის ყოველ დროს ულამაზეს გასეირნებას გთავაზობთ. ბოტანიკური განსაკუთრებულობა არის 230 წელზე მეტი ხნის კამელია, რომლის ნახვა ყვავილობის პერიოდში  შუა თებერვლიდან შუა აპრილამდე დამცავ ნაგებობაში შეიძლება. ისტორიულ პალმების სახლში ყურადღებას იქცევენ ავსტრალიური და სამხრეთაფრიკული მცენარეები. სასახლის მუზეუმი ახალ სასახლეში გვიყვება სასახლეების მოწყობის და სასახლის კარის ცხოვრების ისტორიაზე. კათოლიკური კაპელა აცოცხლებს სასახლის რელიგიურ ცხოვრებას და გვაახლოებს მასთან. 

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე (Frauenkirche). ათეულობით წლების მანძილზე დრეზდენის გულში მდებარე ერთ დროს ამაყი ფრაუენკირხე სევდიან ნანგრევებად იყო ქცეული. ნანგრევებს შორის ხეები ამოზრდილიყო სიცოცხლის ნიშნად.

ტაძარი მე-18 საუკუნეში აიგო. მის საზეიმო გახსნას მოესწრნენ მაშინდელი მმართველი აუგუსტ ძლიერი, ასევე არქიტექტორი გეორგ ბერი. ტაძრის მყარმა კედლებმა გაუძლო პრუსიელების სამდღიან დაბომბვას შვიდწლიანი ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კი ინტენსიურმა დაბმობვებმა ტაძარი დაანგრია.

ხანგრძლივი განხილვების და დისკუსიების შედეგად გადაწყდა დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. 1990 წელს დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რომელიც შემოწირულობებით ფინანსდებოდა.  2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა.

ტაძრისთვის დამახასიათებელია ნათელი, შუქის გამტარი შიდა სივრცე. ნაგებობის სიმბოლოა უზარმაზარი გუმბათი, რომელიც შორიდან თვალშისაცემს ხდის ქალაქის სილუეტს. 

 

ზემპერის ოპერა. საქსონიაში ვერსად შეხვდებით ხელოვნების და კულტურის ასეთ კონცენტრაციას, როგორც დრეზდენში. მაგრამ აბსოლუტური ცენტრი, სადაც ყოველ ნაბიჯზე მუზეუმები, გამოფენები და ა.შ. გვხვდება, არის თეატრის მოედანი ძველი ქალაქის გულში. ასევე ულამაზესი ზემპელის ოპერა, რომელიც შტამბეჭდავ მუსიკას გვაზიარებს, აქვეა ზემპერის გალერეა, ძველი ოსტატების ნამუშევრებით, ასევე მხატვრული შემოქმედების მუზეუმი. გვერდით არის სასახლის ეკლესია ცნობილი ორღანით და შთამბეჭდავი კონცერტებით.

გოტფრიდ ზემპერის მიერ აშენებული ოპერის სახლი ოპერის, ბალეტის, მუსიკის მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ის სამჯერაა აშენებული. პირველი შენობა დაიწვა 1869 წელს. დაბომბვამ ხელმეორედ დაანგრია შენობა 1945 წელს. ამჟამად ოპერის სახლი ბრწყინავს მშვენიერებით როგორც გარედან, ასევე მისი დარბაზი და შიდა ფასადი.

მეფე იოჰანის ცხენიანი ქანდაკება თეატრის მოედანზე არის შეხვედრის ადგილი წარმოდგენების შემდეგ. საოპერო წარმოდგენის ან კონცერტის დასრულებისას მაყურებლები ხშირად აქვე ეწვევიან ხოლმე ორ პოპულარუ რესტორანს, სადაც დისკუსიები იმართება ნანახი წარმოდგენის შესახებ.



ბრულის ტერასა. პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორემ ამ ადგილს ასევე ევროპის აივანი უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საქსონიის სასტიკი მტერი იყო, არ შეეძლო ჯერ კიდევ მაშინ საყვარელი შეხვედრის ადგილი ქების გარეშე მოეხსენებინა. სანამ ტერასაზე მიხვალთ, კარგი იქნება თუ მას აუგუსტის ხიდიდან დავაკვირდებით. აქედან დიდებული ხედია. ჩანს ბრულშის ტერასა, როგორც მთლიანი კომპლექსი. აქედანვე ჩანს ძველი დრეზდენის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობა.

სასახლის მოედნიდან საფეხურებით ორი ქვის ლომს შორის გავლით მოვხვდებით ტერასაზე. ტრადიციული საცხოვრებელი მეორე პრინცისა, არის პირველი შენობა, რომელთანაც არის პოპულარული კაფე. ასევე ქანდაკება და სხვადასხვა ნაკეთობები, რომლებიც ხელოვნების აკადემიის სიახლოვეს გვაგრძნობინებენ. აქ გამოიზარდა ბევრი ცნობილი ხელოვანი, როგორებიცაა კანალეტო, ანტონ გრაფი, ოსკარ კოკოშკა, ოტო დიქსი.

ტერასის მეორე მხარეს, აღმოსავლეთით მდებარეობს გრაფ ბრიულის მიერ გაშენებული ბაღი შადრევნით და სფინქსებით. ბაღის გულში არის კასპარ დავიდ ფრიდრიხის პატივსაცემად აგებული პლასტიკური ნაკეთობა, რომელშიც ამოკვეთილია ყველა მხატვრისთვის ყურადსაღები აფორიზმი. ტერასის შუაგულში იყო ზემპერის მიერ აგებული სინაგოგა, რომელსაც გვახსენებს შვიდმკლავიანი შანდლის ქანდაკება. ტერასიდან ასევე იშლება დრეზდენის დიდებული ხედი.


 

 ბოტანიკური ბაღი. ბოტანიკური ბაღები განსაკუთრებული მუზეუმებია. ისინი მსოფლიოს მცენარეთა სამყაროში გვახედებენ. 1893 წელს გაიხსნა დრეზდენის ბოტანიკური ბაღი. ის გეოგრაფიულადაა დაყოფილი და გვთავაზობს ბოტანიკურ მოგზაურობას პატარა სივრცეში. ღია ცის ქვეშ და დასათვალიერებელ სათბურებში იზრდება მცენარეთა 10 000 სახეობა ხუთი კონტინენტიდან და სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან. ბევრ ახალს და მნიშვნელოვანს შეისწავლის აქ მნახველი. განსაკუთრებულია ერთწლიანი ზაფხულის ყვავილების კოლექცია, პელარგონიების კოლექცია და მრავალი სხვა. 

 

დიდი ბაღი დრეზდენის მწვანე ფილტვი. ეს არის არამარტო უდიდესი დრეზდენის 20 გამწვანებას შორის – დიდი ბაღი არის ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი პარკი დრეზდენში და საქსონიურi ბაღის ულამაზესი ნიმუში. რადგან აქ არის არა მხოლოდ ხეები, ბუჩქები, ყვავილები, მწვანე გაზონები, რომელიც 2 კმ²-ზეა გადაჭიმული, დიდ ბაღში ზოოპარკის გვერდით არის ბოტანიკური ბაღი, ღია სცენა, პარკის თეატრი, ულამაზესი ბაღის სასახლე, რომელიც პარკის შუაგულში მდებარეობს. სასახლე ფრანგული მოდელით აიგო და საქსონიაში პირველი ბაროკოს ტიპის ნაგებობა იყო. ის ბრწყინვალედაა შემკული და ულამაზესი ფიგურებით დამშვენებული. როგორც სასახლე, ის არასოდეს გამოიყენებოდა და გართობის დანიშნულება ჰქონდა. სასახლეში არის სკულპტურების გამოფენა. 


სასახლე წარმოადგენს უძველეს ბაროკოს ტიპის ნაგებობას. 50 ორიგინალური სკულპტურა, მათ შორის ბალთაზარ პერმოზერის, ბენჯამინ ტომაეს, იოჰან კრისტიან კირხნერის, გოტფრიდ კნიოფფლერის ნამუშევრები ულევ ინფორმაციას გვაწვდიან მე-17-18 საუკუნეების სკულპტურული ხელოვნების შესახებ.  ქანდაკებათა დიდი ნაწილი ცვინგერიდან არის, ზოგი ზეერჰაუზენის სასახლის პარკიდან და სხვა პარკებიდან, ასევე დრეზდენის ელიას სასაფლაოდან.

კონსერვატორული მოსაზრებით ექსპონატები თავდაპირველი ადგილიდან გადმოიტანეს და იქ მათი ასლები დადგეს. სასახლის დიდ ბაღში ხელოვნების ნიმუშები ისეა წარმოდგენილი, რომ ისტორიულ ელფერს არ კარგავენ.

დიდ ბაღს ორი ხეივანი აქვს, რომლებიც სასახლესთან ერთდება. ორივე ხეივანი საყვარელი სასეირნო და შეხვედრების ადგილია. განსაკუთრებული სანახაობაა პარკის მინიატურული რკინიგზა, რომელიც ბავშვების საყვარელი გასართობია.




ფოლკსვაგენის საწარმო “Glaserei”. აიგო ყოფილი გამოფენის ტერიტორიაზე, სტრასბურგის მოედანზე დრეზდენში. ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან დაშორებულია 1,5 კილომეტრით. ტექნიკური აღჭურვილობის გარდა საწარმოს აქვს ასევე გასტრონომიული და კულტურული განყოფილებები. 2010 წლის დასაწყისისთვის საწარმოში 380 ადამიანი იყო დასაქმებული. 


ნაგებობა დაპროექტდა მიუნხენის არქიტექტურის ბიუროში. დაგეგმვის პერიოდში მწვავე დისკუსიები იმართებოდა დიდი ბაღის განაპირას მომავალი საწარმოს მდებარეობის გამო. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევდა ის ეკოლოგებს შორის. ისინი აპროტესტებდნენ საწარმოდან დრეზდენის ცენტრში მრავალრიცხოვანი მანქანების გადამზიდი ტრანსპორტის მოძრაობას. ფოლკსვაგენის ადმინისტრაციამ შესთავაზა ტრამვაის ხაზით ტვირთის გადატანა.
ცხოველთა დამცველები მინის ფასადის გამო ფრინველების უსაფრთხოებაზე ალაპარაკდნენ. არქიტექტორები თვლიდნენ რომ ბაროკოს სტილის ქალაქთან ასეთი შენობა დისჰარმონიას შექმნიდა.
დრეზდენის პარკის რკინიგზის სადგური ”სტრასბურგის მოედანი” გადატანილი იქნა. ძველი სადგურის ნაცვლად ახალი აშენდა, რომელიც მშვენივრად შეერწყა მინისფასადიანი საწარმოს დიზაინს.
საზოგადოებრივი ინიციატივით შეგროვდა 17600 ხელმოწერა ფოლკსვაგენის საწარმოს მშენებლობის წინააღმდეგ დიდ ბაღთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ გადაწყვეტილება შეჩერებულიყო.
1999 წელს საფუძველი ჩაეყარა მშენებლობას.
2002 წლის 19 მარტს საწარმო ოფიციალურად გაიხსნა. ოთხი დღის მანძილზე საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული ამ საოცარი საწარმოს დასათვალიერებლად. 



მანქანების დამზადება ჯერ კიდევ გახსნამდე დაიწყო. ფაბრიკა მასპინძლობს ყველა დაინტერესებულ პირს მანქანების მშენებლობის პროცესის სანახავად.
საწარმოს ფოიე შეიძლება მრავალმხრივად იქნას გამოყენებული. 2002 წელს წყალდიდობის გამო დაზიანებული ზემპერის ოპერის დადგმა, ჟორჟ ბიზეს ”კარმენი” ერთი თვის მანძილზე იდგმებოდა მინის საწარმოში. 2005 წლიდან მორიზბურგის ფესტივალის კონცერტი რეგულარულად იმართება ამ ფოიეში.
          მინის საწარმოში არის რესტორანი ბარით.

 


ლონდონი - კონტრასტების ქალაქი.


     ლონდონში ერთმანეთს ხვდება უმდიდრესი კულტურული წარსული და თანამედროვე მჩქეფარე ცხოვრება. ეს ულამაზესი ქალაქი მდინარე ტემზაზე ერთ-ერთი ყველაზე  საყვარელი ტურისტული ადგილია მსოფლიოში. 


ვესტმინსტერის სააბატო იქმნებოდა სამეფო ოჯახის სხვადასხვა თაობის წევრების მიერ, მეთერთმეტე საუკუნიდან. ამ დროიდანვე ჩაეყარა საფუძველი სააბატოში ინგლისის მეფეების კურთხევას. ეს დიდებული ნაგებობა გვიყვება ინგლისის სამეფო, პოლიტიკურ, საომარ და არისტოკრატიულ ისტორიას. 
აქ განთავსებულია მეფეთა, ასევე პოეტების და სასულიერო მოღვაწეების სამარხები. აქ განისვენებენ ელისაბედ I, ჰენრი VII და სხვა უდიდესი ისტორიული პირები. აქვეა უინსტონ ჩერჩილის საფლავი უცნობის ჯარისკაცის საფლავის გვერდით. სააბატოს აქვს საკუთარი გუნდი და საგუნდო სკოლა, რომელიც ელისაბედ I-ის დაარსებულია. 


 ბუკინგემის სასახლე - როცა დედოფალი სასახლეში იმყოფება, სახურავზე სამეფო დროშა აღიმართება ხოლმე. სასახლე უმდიდრესი არქიტექტურით და ულამაზესი დარბაზებით იზიდავს მნახველს. სასახლეს გააჩნია უმდიდრესი აპარტამენტები. აქ ინახება ბევრი სამეფო და საგვარეულო ძვირფასეულობა.
დედოფლის და ედინბურგის ჰერცოგის პირადი აპარტამენტები სასახლის ჩრდილოეთ ფრთაზეა განლაგებული. მათი ფანჯრები მწვანე ბაღში გადის. ზაფხულობით სასახლეს ყავს დაახლოებით 30.000 სტუმარი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მიღებებში სამეფო ბაღში, სადაც არის ტბა და ჩანჩქერები. ველური ბუნების პეიზაჟს ავსებენ ფლამინგოს ფრინველები.
ბუკინგამის სასახლეში იმართება ბანკეტები მეზობელ სახელმწიფოთა მეთაურთათვის, ელჩებისათვის, ასევე გამოფენები სამეფო კოლექციებიდან და სხვა მნიშვნელოვანი ცერემონიები.   

 ბიგ-ბენი - ეს დიდი არქიტექტურული კომპლექსის ნაწილია. მას ასევე წმიდა სტეფანეს კოშკსაც უწოდებენ. ეს არის თავად შენობა და საათი თავისი ზარებით. კოშკის სახელი წარმოიშვა მასში მოთავსებული 13 ტონიანი ზარი. ეს არის ყველაზე დიდი ოთხმხრივი საათი ზარებით და სიმაღლით მსოფლიოში მესამე საათის კოშკი. 2009 წლის მაისში უამრავი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა ბიგ-ბენის 150 წლისთავი. 


ტაუერი - ტაუერის 900 წლისთავთან დაკავშირებით ედინბურგის ჰერცოგი წერდა, რომ ისტორიის მანძილზე ეს იყო სასახლე, ციხე სიმაგრე, სამეფო საგანძურის საცავი, ასევე არსენალი, ციხე, ობსერვატორია, ზოოპარკი, ასევე ტურისტების საყვარელი ადგილი. ამჟამად აქ მუზეუმია, რომელიც მოგვითხრობს მეფეთა და ქვეყნის საომარ მიღწევებზე. აქ შენარჩუნებულია ძველი ტრადიციები, მაგ. სამსახურის ჩაცმულობა, ტაუერის ცერემონია და ა.შ.



 ეროვნული გალერეა - დღეს ის მსოფლიო შემოქმედებითი ხელოვნებს ცენტრად ითვლება. ლონდონის ეროვნული გალერეა  დაარსდა მერე გეორგ IV ის ინიციატივით, რომელმაც მთავრობას მოთხოვა 38 ტილოს შეძენა, რომელთა შორის იყო ხოგარტის ექვსი ნამუშევარი. რუბენსის, რემბრანდტის და აღორძინების ეპოქის სხვა მხატვრების ნამუშევრები კოლექციას მოგვიანებით შეემატა. გალერეა გაფართოვდა და წლებთან ერთად უდიდესი ღირებულება და ინტერესი შეიძინა. 
  


წმიდა პავლეს ტაძარი - მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთი საამაყო შედევრი. ის მესამედ აიგო ერთი და იმავე ადგილას 1666 წლის ხანძრის შემდეგ. ეს არის გოთიკური სტილის, თუმცა ეტყობა იტალიური რენესანსის და ბაროკოს გავლენა.
უსასრულო კიბით შეიძლება მაღლა ასვლა, რომელსაც გალერეებამდე მივყავართ. ყველაზე პოპულარული რჩება ჩურჩულის გალერეა. თუ კედელს ყურს მიადებთ, მიუხედავად 34 მ. სიგანისა, ისმის საწინააღმდეგო მხარეს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
ტაძარი მოქმედია, ამიტომ კვირის მსახურებისას ის ტურისტებისთვის დაკეტილია. 



 გალერეა თეით მოდერნი - საჩუქარია მესამე ათასწლეულისთვის. ბრიტანეთის ხელისუფლება ამ თარიღისთვის ბევრ სიურპრიზს ამზადებდა. ეს ყველაზე სანუკვარი სიურპრიზია ლონდონელებისთვის და სტუმრებისთვის. განკუთვნილია თანამედროვე ევროპული ფერწერის შედევრებისთვის. ახალი გალერეისთვის საკმაოდ ორიგინალური ადგილი აირჩიეს - ძველი ელექტროსადგური თემზის სამხრეთ სანაპიროზე.
ექსპოზიციები 8 დარბაზშია განთავსებული თემატიკის მიხედვით: პეიზაჟი, პორტრეტი და ა.შ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ერთ დარბაზში იხილავთ სრულიად განსხვავებული მიმართულების და ეპოქის მხატვრებს.
მუდმივი ექსპოზიციების გარდა გალერეაში არის დროებითი გამოფენები, ასევე აქ არის კინო და სალექციო დარბაზები, სამეცნიერო ცენტრი და ევრპოის მუზეუმებში ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია.
მე-7 სართულზე არის კაფე და გალერეა წმიდა პავლეს ტაძრის ულამაზესი ხედით. 



 შერლოკ ჰოლმსის მუზეუმი - ბეიკერ სტრიტი - ეს არის მისამართი სერ არტურ კონან დოილის დეტექტიური ისტორიების გმირისა. შერლოკ ჰოლმსის ბინა შეიქმნა კონან დოილის ნაწარმოებების მიხედვით. თქვენ აქ იგრძნობთ იმ დროის ატმოსფეროს და გაიხსენებთ ბევრი ამაღელვებელი ისტორიის სიუჟეტს, რომელთა მთავარი გმირები იყვნენ არაჩვეულებრივი ინტელექტის მქონე გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი და მისი ერთგული მეგობარი დოქტორ ვატსონი. 


  
მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმ - თქვენ აქ შეხვდებით სამეფო ოჯახის წევრებს, მუსიკის და კინოს ვარსკვლავებს, საშინელებათა ოთახში – ჯალათებს. მუზეუმის დამარსებელი მარი გროსხოლცი ცვილის ფიგურების ცნობილი ოსტატი იყო, ასევე მეფე ლუდოვიკო XVI-ს დის პედაგოგი. საფრანგეთის რევოლუციის ლიდერებმა მას დაავალეს გილიოტინის მსხვერპლთა ნიღბების დამზადება. ფრანსუა ტიუსოზე დაქორწინების შემდეგ ის ლონდონში ჩამოვიდა 19-ე საუკუნის  დასაწყისში. მისი ნამუშევრები ცნობილი გახდა მის სიცოცხლეშივე. შემდეგ მისმა შვილიშვილმა ჯოზეფ  ტიუსომ ფიგურები გადაიტანა მუზეუმში. ამ დღიდან მუზეუმი საზოგადოებრივ ცხოვრებას უწყობს ფეხს.

მუზეუმის გვერდით არის პლანეტარიუმი, რომელიც ედინბურგის ჰერცოგმა გახსნა 1958 წელს. 

ლონდონის თვალი  - გაიხსნა ათასწლეულის აღსანიშნავად, 2000 წლის დამდეგს, ახალი წლის წინა დღეს. ის არის 135 მ. სიმაღლის და მაღლიდან მთელი ლონდონის დანახვა შეიძლება. ნათელ დღეს თქვენ აქედან იხილავთ უინძორის სასახლესაც, რომელიც 40 კმ. -ს დაშორებით მდებარეობს. აქვს 32 კაბინა. თითოეულში 25 ადამიანი თავსდება. თითო ბრუნი 30 წუთს გრძელდება. ბილეთების შეძენა უმჯობესია წინასწარ ან დაბრონვით, რადგან შეიძლება რიგში დგომა მოგიწიოთ. 

 



რომი - ანტიკური საოცრება




     რომში ყოველი ქუჩა, კუთხე თუ ძეგლი გვიყვება მის ათასწლოვან ისტორიაზე - იმპერიის დედაქალაქი, გლადიატორთა შერკინების, ძარცვის და გაკოტრების, ასევე რომანტიკის და თავგადასავლების სამეფო. ამჟამადაც ის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის




კოლიზეუმი - ეს საოცარი ძეგლი გაიხსნა ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში ფლავიანის ამფითეატრის სახელით. მას მალევე კოლიზეუმი ეწოდა ამფითეატრთან არსებული გრანდიოზული მონუმენტის გამო, რომელიც გამოსახავდა იმპერატორ ნერონს. რომაელების საყვარელი გართობა და სანახაობა იყო გლადიატორთა შერკინება, მხეცების ბრძოლა და თეატრალურ წარმოდგენები.
ეს საოცარი მონუმენტი აიგო იმპერატორ ვესპასიანოს და მისი ვაჟის ტიტოს დროს. ტიტომ ამფითეატრს კიდევ ორი რიგი დაამატა და მშენებლობის დასრულება 100 დღიანი თამაშებით აღნიშნა.
დღესდღეობით ამფითეატრის გარშემო შესაძლოა ე.წ. ცენტურიების ნახვა, რომლებიც შემოსილი არიან ანტიკური რომაელი მებრძოლების მსგავსად და ტურისტებთან ფოტოებს იღებენ, რაც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ყოველი მნახველი აღფრთოვანებულია მონუმენტით, რომლითაც რომი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. შეუძლებელია მისი შთამბეჭდაობის სიტყვებით გადმოცემა, განსაკუთრებით, როდესაც ღამის განათება ირთვება.

პანთეონი  - პანთეონი პირველი ნაგებობა იყო, რომელმაც დაანგრია ბარიერი ეკლესიასა და ერს შორის. წარსულში უფლის რეზიდენციასთან მიღწევა ხმოლოდ ეპისკოპოსებს და მონაზვნებს შეეძლოთ. როდესაც პანთეონი აშენდა, ამის უფლება ყოველ ადამიანს მიენიჭა. ლეგენდის თანახმად ნაგებობა აღიმართა იმ ადგილას, საიდანაც რომული სიკვდილის შემდეგ ცაში აიტაცა არწივმა. კონსული აგრიპას ბრძანებით ეს ტაძარი აღიმართა ყველა ღვთაების პატივსაცემად. შესაბამისად, პანთეონი იყო პირველი რელიგიური ნაგებობა ხალხისთვის. ეს ძეგლი საუკეთესოდაა დაცული და შენახული. ეს არის არქიტექტურის შედევრი. მას მრავალი ასლი აქვს მსოფლიოში.  ამ ჯადოსნური ტაძრის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთის თანახმად, დემონი გარეთ ელოდებოდა პიეტრო ბაილარდოს (ბანდიტი და წარმატებული მხედარი) ანგარიშის გასასწორებლად. მაგრამ ბაილარდო შევიდა ტაძარში დანაშაულის მოსანანიებლად. განრისხებულმა დემონმა ცეცხლის რკალი შემოავლო ტაძარს. 

ტრევის შადრევანი - თუ რომში ხართ და კვლავაც გინდათ ამ საოცარი ქალაქის ნახვა, მაშინ ნუ ყოყმანობთ და გადააგდეთ მონეტა ტრევის შადრევანში თქვენი სურვილის ასრულებისთვის.  ულამაზესი სანახაობა ნიკოლო სალვის არქიტექტურით, სადაც ჰარმონიულად შერწყმულია ბაროკო და კლასიციზმი. აქ იყო მანიფესტაციების და დიდი მოვნელების არენა. ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: მხოლოდ ანიტა ეკბერგს ” La dolce vita” - დან შეეძლო შადრევანში ბანაობა. თუ თქვენც იგივეს ეცდებით, პოლიციასთან გექნებათ საქმე.
ნაგებობის თვალისმომჭრელი სილამაზე მნახველს აჯადოვებს. მხოლოდ ცოტა თუ ამჩნევს მნიშვნელოვან დეტალს: შადრევანის მარჯვნივ არის ტუფის ვაზა “asso di coppe”. ლეგენდის თანახმად, ნიკოლო სალვიმ ის შექმნა დალაქისთვის შადრევანის ხედის დასამალად, რადგან მუშაობის დროს ის მუდმივად აკრიტიკებდა მის არქიტექტურულ ნამუშევრებს.



ვატიკანი - აიგო წმიდა პეტრეს საფლავზე. ვატიკანს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭა ლატერანის კონვენციის შედეგად 1929 წელს. ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო, სადაც კათოლიკური სამყაროს უმაღლესი სასულიერო ხელისუფლების რეზიდენციაა. ადრე მისი მონახულება არ იყო ადვილი, ახლა კი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია გაეცნოს ამ ხელოვნების, კულტურულ და რელიგიურ ციტადელს.
ვატიკანში არის 11 მუზეუმი ჯადოსნური ბაღებით, შადრევნებით, აუზებით. მუზეუმებში დაცულია შეუფასებელი საგანძური ეგვიპტის, ახლო აღმოსავლეთის, ანტიკური რომაელების შემოქმედებით. აქ ნახავთ წმიდა პეტრეს ტაძარს, ბაღებს, ბიბლიოთეკას, ვატიკანის მუზეუმებს, სადაც შეიძლება გაეცნოთ მიქელანჯელოს შედევრებს, სიქსტის კაპელას და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება.


 
ფორუმი  (ლათ.Forum Romanum) – უძველესი მოედანი ძველი რომის ცენტრში, თავისი განუმეორებელი ნაგებობებით. შეიქმნა ჯერ კიდევ პირველი რომაელი მეფეების დროს, ჩვენს ერამდე მე- 7 საუკუნეში. აქ იკრიბებოდნენ ძველი რომაელები. რომის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ აქ აიგო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები, სენატი, სასამართლო. აქვე იყო სავაჭრო დახლები, სახელოსნოები, ტაძრები, ტრიბუნები ორატორებისთვის. თავად ფორუმი კი დამშვენებული იყო ძეგლებით, რომლებიც რომაელთა გამარჯვებებს ასახავდა.
ყველაზე ხელსაყრელია ფორუმზე მოხვედრა ცენტრალური შესასვლელიდან, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ მაკეტს, რომელიც გვიჩვენებს ფორუმის ანტიკური გამოსახულებას. აქ ნახავთ სან-ლორენცოს ბრწყინვალე ეკლესიას, ემილიას ბაზილიკის ნაშთებს, ძველი რომის სენატის შენობას და სხვა ანტიკურ ღირშესანიშნაობებს.




ესპანეთის მოედანი (Piazza di Spagna) - მოედანი რომის ცენტრში. სახელწოდება მიიღო აქ განთავსებული ესპანეთის საელჩოს გამო. ის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოედანია ქალაქში. შეიქმნა, როგორც თავისებური ”დიდი სასტუმრო” მარადიული ქალაქის მრავალრიცხოვანი ტურისტებისთვის. პირველი სასტუმროები აქ მე-16 საუკუნეში გამოჩნდა. შემდგ კი ესპანეთმა აქ მიიღო საელჩოს რეზიდენცია პაპის კარზე. ამის შემდეგ ეწოდა ესპანეთის მოედანი.
მოედანი არის ორი განსხვავებული სამკუთხედის ფორმის. ჩრდილოეთ მხარეს მოედანს ესაზღვრება ესპანური კიბე და ეკლესია. კიბესთან გვხვდება ნავის ფორმის ბარკაჩას შადრევანი. ესპანეთის მოედანი არის რომის მოდის ცენტრი. აქ ხშირად წარმოადგენენ ყველაზე ცნობილ იტალიურ მოდელებს. 




პიაცა-ნავონა - ეს მოედანი განსაკუთრებულად გამოხატავს ქალაქის სულს. ითვლება ერთ-ერთ ულამაზესად მსოფლიოში.  ტურისტების საყვარელი ადგილი, მრავალრიცხოვანი კაფეებით. მოედანს აქვს სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაჭიმული ოვალის ფორმა. მოედანს ესაზღვრება მრავალი ულამაზესი ნაგებობა - სასახლეები, ტაძრები. მოედანზე არის სამი ულამაზესი შადრევანი. 

ვილა ბორგეზე  (Villa Borghese)დიდი ლანდშაფტური პარკი რომში, მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, მუზეუმებს: ბორგეზეს გალერეას, ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კრებულით, მათ შორის მრავალი შედევრით, ასევე ნაციონალური მუზეუმი ვილა ჯულია, ეტრუსკული ხელოვნების ყველაზე მდიდარი კოლექციით და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გარელეა, რომელიც გვაცნობს ყველა ძირითად მხატვრულ მიმდინარეობებს XIX საუკუნიდან. პარკში ასევე არის ატრაქციონები.
ადრე ამ რაიონის მიწები ეკუთვნოდა ბორგეზეს დინასტიას, XVII საუკუნეში კარდინალმა შიპიონე ბორგეზემ პარკი გააშენა, რომელიც ძირითადას ინგლისურ სტილზეა გაფორმებული. მეოცე საუკუნიდან ის სახელმწიფომ შეიძინა და ქალაქს გადასცა.








პიაცა დელ პოპოლო (Piazza del Popolo) , სახალხო მოედანი, თუმცა სახელწოდება ტაძრიდან მიიღო - სანტა-მარია-დელ-პოპოლო.
ისტორიულად ეს მოედანი სახალხოდ სიკვდილის დასჯის ადგილად ითვლებოდა.
მოედნის შუაგულში აღმართულია ეგვიპტური ობელისკი, რომლის უძველესი წარწერები ხოტბას ასხამენ ფარაონ რამზეს II-ს. მონუმენტი ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში იქნა რომში გადმოტანილი. საუკუნეების მანძილზე დიდ ცირკში იყო აღმართული. ხოლო მე -16 საუკუნეში რომის პაპის ბრძანებით გადმოიტანეს რომის ჩრდილოეთ კარიბჭესთან. ობელისკის გარშემო მოედანს ამშვენებს სამი შადრევანი.
ამჟამად მოედანზე აკრძალულია ავტომობილით დადაადგილება. 



წმიდა პეტრეს ტაძარი (Basilica di San Pietro) - კათოლიკური ტაძარი, რომელიც ბოლო დრომდე მსოფლიოში ყველაზე დიდ ქრისტიანულ ეკლესადაა მიჩნეული. სიმაღლე არის 136 მ.
ძველად ტაძრის ადგილას ნერონის ცირკის ბაღები იყო. პირველი ბაზილიკა 324 წელს აშენდა, პირველი ქრისტიანი იმპერატორის კონსტანტინეს მეფობისას. ტაძრის საკურთხეველი არის წმიდა პეტრეს საფლავთან, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა 66 წელს.
ტაძრის წინ არის გრანდიოზული მოედანი. ის იტევს მორწმუნეების დიდ ნაკადს, რომელთაც სურთ პაპისგან ლოცვა-კურთხევა.
ტაძარი ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს გრანდიოზულობით, პროპორციების ჰარმონიით, მდიდარი გაფორმებით, სკულპტურებით და ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ქმნილებებით.

 


















 

Saturday, July 2, 2011

პარიზი - სიყვარულის ქალაქი.


პარიზი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია მსოფლიოში. ყოველწლიურად მას 45 მილიონი ტურისტი სტუმრობს. მისი ღირშესანიშნაობები ცნობილია მთელს მსოფლიოში.
საფრანგეთის დედაქალაქი მდინარე სენის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მოიცავს ორ კუნძულს: წმ. ლუდოვიკოს (Île Saint-Louis)  და დიდ კუნძულს სიტეს, რომელიც ქალაქის ძველ ნაწილს შეადგენს.
პარიზი მდებარეობს ოკეანის ზომიერ კლიმატში და მასზე მოქმედებს ჩრდილოატლანტიკური დინება, ამიტომ ქალაქში იშვიათად არის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა. 


ლუვრი (Musée du Louvre). მსოფლიოში ცნობილი ლუვრის მუზეუმი პარიზში არის ისტორიული ძეგლი და საფრანგეთის ნაციონალური მუზეუმი. ის მდებარეობს მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე. 60,6 ათას კვ.მ. ფართობზე განლაგებულია დაახლოებით 35 ათასი ექსპოზიცია, დაწყებული ჩვენს ერამდე მე-6 ათასწლეულით და თანამედროვე ხელოვნებით დამთავრებული.

მუზეუმი მდებარეობს ლუვრის სასახლეში (Palais du Louvre), რომელიც თავიდან ციხე-სიმაგრე იყო, აგებული XII საუკუნეში ფილიპ II-ის ეპოქაში. ციხის ნანგრევები შემორჩენილია. შენობა არაერთხელ გაფართოვდა, სანამ თანამედროვე სახეს მიიღებდა. 1674 წელს ლუდოვიკო  XIV-მ ვერსალის სასახლე (Palace of Versailles),  აირჩია თავის რეზიდენციად. საფრანგეთის რევოლუციის დროს ნაციონალურმა ასამბლეამ გამოსცა დეკრეტი ლუვრის მუზეუმად გამოცხადების შესახებ. აქ უნდა გამოფენილიყო ნაციონალური შედევრები.
მუზეუმი გაიხსნა 1793 წლის 10 აგვისტოს 537 ტილოს ექსპოზიციით. ნაპოლეონის დროს კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ამ პერიოდში ლუვრს ნაპოლეონის მუზეუმი დაერქვა. მისი დამარცხების შემდეგ ხელოვნების ბევრი შედევრი, რომელიც ომის დროს იყო მიტაცებული, მის ნამდვილ მფლობელებს დაუბრუნდა.
კოლექცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა ლუდოვიკო XVII-ს და კარლ  X-ს მმართველობისას და მათ შემდეგაც, ორი მსოფლიო ომის პერიოდის გამოკლებით. ამჟამად კოლექცია გაყოფილია რვა დეპარტამენტად: ძველი ეგვიპტე, ძველი ახლო აღმოსავლეთი, ძველი საბერძნეთი, ეტრუცია და რომი, ისლამური ხელოვნება, სკულპტურა, ფერწერა, ნახატები, გრავიურები.


ეიფელის კოშკი (Tour Eiffel) პარიზის ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ღირშესანიშნაობაა, ცნობილი როგორც საფრანგეთის სიმბოლო. სახელი მიიღო მისი არქიტექტორის გუსტავ ეიფელის პატივსაცემად, რომელმაც კოშკს უბრალოდ 300 მეტრიანი კოშკი უწოდა. ეს არის ყველაზე მეტად პოპულარული ღირშესანიშნაობა მსოფლიოში. პარიზის ეს სიმბოლო ჩაფიქრებული იყო როგორც დროებითი ნაგებობა  ის იყო შესასვლელი არკა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე 1889 წელს. დაგეგმილი დემონტაჟისგან (გამოფენიდან 20 წლის შემდეგ) ის იხსნა რადიოანტენებმა, რომელიც ყველაზე მაღლა იყო დაყენებული.
სიმაღლე ახალ ანტენასთან ერთად არის 324 მეტრი. 40 წლის მანძილზე ეიფელის კოშკი იყო ყველაზე მაღალი ნაგებობა მსოფლიოში, თითქმის ორჯერ მაღალი იმ დროის მსოფლიოს სხვა ყველაზე მაღალ ნაგებობებზე ხეოფსის პირამიდა (137მ), კიოლნის ტაძარი (161მ) სანამ 1930 წელს ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგი აიგებოდა.




 
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre Dame de Paris) პარიზის გეოგრაფიული და სულიერი ”გულია”. მდებარეობს კუნძულ სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, პარიზის პირველი ქრისტიანული ტაძრის, წმიდა სტეფანეს ბაზილიკის ადგილას, რომელიც თავის დროზე აიგო იუპიტერის რომალური ტაძრის ადგილას. ტაძრის სიმაღლეა 35 მ. როგორც სხვა გოთიკურ ტაძრებში, აქაც არ არის ფრესკები, კედლის მხატვრობა და ფერების ერთადერთი წყარო არის მრავალრიცხოვანი ვიტრაჟები მაღალი სარკმლებიდან.
ტაძარი საუკუნეების მანძილზე იყო მეფეთა ჯვრისწერის, მეფედ კურთხევის, ეროვნული დარკძალვების ადგილი. 1302 წელს აქ შეიკრიბა საფრანგეთის პირველი პარლამენტი. აქ დაიწერეს ჯვარი ჰენრიხ IV ნავარელმა და საფრანგეთის მეფის დამ, მარგო ვალუამ. 



ბალზაკის სახლი.  (Maison de Balzac) არის სახლ-მუზეუმი ფრანგი რომანისტის ონორე დე ბალზაკის ყოფილ სახლში. ის მდებარეობს რეინუარის ქუჩაზე და ღიაა ყოველდღე, გარდა ორშაბათის და დღესასწაულებისა.

მოკრძალებული სახლი ეზოთი და ბაღით მდებარეობს ბულონის ტყის მახლობლად. მევალეებისგან დასაცავად ბალზაკი ქირაობდა სახლის ზედა სართულს 1840-1847 წლებში. ფსევდონიმად დაირქვა მისი მოსამსახურის სახელი - ბრენიოლი. პარიზის ადმინისტრაციამ 1949 წელს სახლი შეისყიდა და ახლა ის ლიტერატურულ მუზეუმს წარმოადგენს. ის ერთ-ერთია სამ ლიტერატურულ მუზეუმთაგან პარიზში, ვიქტორ ჰიუგოსა და რომანტიული ცხოვრების (ჟორჟ სანდის) მუზეუმების გვერდით. ეს ერთადერთია ბალზაკის უამრავ ბინებს შორის, რომელიც შემოინახა. 

 

 



ჟორჟ პომპიდუს ცენტრი (Centre Georges-Pompidou) აიგო 1971-1977 წლებში. აქ განთავსებულია სახალსო საინფორმაციო ბიბლიოთეკა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მუსიკის და აკუსტიკური გამოკვლევების ცენტრი IRCAM. ჟორჯ პომპიდუ იყო საფრანგეთის პრეზიდენტი 1969-1974 წლებში. მისი სახელი დაერქვა ცენტრს, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1977 წლის 31 იანვარს.

ჟორჯ პომპიდუს მოედანი მუზეუმის წინ განთქმულია ქუჩის მსახიობების, აკრობატების, ჟონგლიორების გამოსვლებით. გაზაფხულობით აქ იმართება მინი-კარნავალები, მონაწილეთა დიდი მრავალფეროვნებით; მუსიკალური ჯგუფები, ქუჩის მხატვრები, სკეიდბორდისტების შეჯიბრები და ა.შ.




ბასტილიის მოედანი (Place de la Bastille), ამ მოედანზე მდებარეობდა ბასტილიის ციხე, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის დროს აიღეს და დაანგრიეს. ახლა ბასტილიას ეძახიან მოედანს და მის მიმდებარე რაიონებს პარიზში.

მოედნის ცენტში არის ივლისის კოლონა, რომელიც ივლისის რევოლუციის მოვლენებს მიეძღვნა. აქვეა ქალაქის ცნობილი ღირშესანიშნაობები, როგორიცაა ბასტილიის ოპერა, ბასტილიის მეტროსადგური.

მოედანზე ხშირად იმართება კონცერტები და სხვადასხვა მასობრივი დემონსტრაციები. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი არის ძალიან ხალხმრავალი მრავალრიცხოვანი კაფე-ბარების, ღამის კლუბების, საკონცერტო დარბაზების გამო.

            ამ მდიდარი ისტორიული წარსულის მოედანზე ხშირად იმართება პოლიტიკური დემონსტრაციები

ელისეის მინდვრები(les Champs-Élysées). ეს არის პროსპექტი, შექმნილი XVII საუკუნეში, როგორც პარკი-ბაღი, რომელიც გადაჭიმულია ტრიუმფალური თაღიდან თანხმობის მოედნამდე. ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და ამავდროულად სავაჭრო ავენიუ, დამსახურებულად იწოდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ პროსპექტად.

დასახელება წარმოდგება ბერძნულიდან ”ელიზიუმ”, ეს კუნძულის სახელია, სადაც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ცხოვრობენ გმირები, რომელთაც უკვდავება დაიმსახურეს.





ტრიუმფალური თაღი (Arc de Triomphe) განლაგებულია შარლ-დე-გოლის მოედანზე, ელისეის მინდვრების დასავლეთ ნაწილში. ეს მნიშვნელოვანი მონუმენტი დაპროექტდა 1806 წელს ჟან შალგრენის მიერ. სიმაღლეა 49,5 მეტრი, სიგანე 45. ეს მონუმენტი შეიქმნა მათ პატივსაცემად, ვინც საფრანგეთისთვის იბრძოდა. ქვემოთ არის უცნობი ჯარისკაცის საფლავი, რომელიც დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს. 


 

თანხმობის მოედანი (Place de la Concorde) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედანია, მდებარეობს ელისეის მინდვრების აღმოსავლეთით. მოედანზე მრავალრიცხოვანი ქანდაკებები და ფანტანებია. თავიდან დაერქვა ლუდოვიკო XV-ს მოედანი.

ჩრდილოეთ ნაწილში აიგო ორი ერთნაირი ქვის შენობა, რომლებიც აქამდე ითვლება იმ პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებად. თავიდან აქ სამთავრობო უწყებები იყო განლაგებული, შემდეგ დასავლეთ შენობაში განალაგეს სასტუმრო (Hôtel de Crillon), რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. აქ ხშირად ისვენებდა მარია ანტუანეტა და სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მეორე მსოფლიო ომის დროს სასტუმროში იყო გერმანული არმიის შტაბი.
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ლუდოვიკო XV -ს ქანდაკება აიღეს და მოედანს რევოლუციის მოედანი დაარქვეს. რევოლუციურმა მთავრობამ მოედანზე ააგო გილიოტინა, რომელიც არის საშინელი გახსენება მაშინდელი ბურჟუაზიის და ელიტის სისხლიანი გართობებისა. პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც აქ აწამეს, იყო მეფე ლუდოვიკო XVI (1793წ). აქვე მოკვეთეს თავი დედოფალ მარია ანტუანეტას, მადამ ელიზაბეტს, შარლოტა კორდეს, მადამ დიუ-ბარის, დანტონს, ლავუაზიეს, რობესპიერს... განსაკუთრებით აქტიურად გილიოტინას იყენებდნენ 1794 წლის ზაფხულში, როდესაც მხოლოდ ერთ თვეში აწამეს 1300 ადამიანი. შემდეგ წელს გილიოტინა აიღეს და მოედანს ეროვნული შერიგების სახელი დაარქვეს. 1795-1799 წლებში მოედანს ეწოდა თანხმობის მოედანი. XIX საუკუნეში სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ბოლოს ქალაქის ხელისუფლებამ საბოლოოდ შეუნარჩუნა ეს სახელი.




ფორუმი დე-ალი (Forum des Halles) მოიცავს პარკს, მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრს და უზარმაზარ მეტროსადგურს. აქ ადრე პარიზის ცენტრალური ბაზარი მდებარეობდა.

800 წლის მანძილზე ტერიტორია სახელწოდებით ლე-ალი იყო ცენტრალური ადგილი პარიზელების შეკრებისა. 1200-1500 წლებში ამ ბაზრობაზე ყველა სახეობის საქონელი იყიდებოდა. წლების მანძილზე პარიზის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იქმნებოდა გადაადგილების პრობლემა ხალხმრავლობის გამო. XX საუკუნის 60-იან წლებში ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, სავაჭრო ცენტრები გადაეტანა ქალაქის გარეუბანში. ამის შემდეგ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ამ ადგილას დარჩა ცარიელი ადგილი, რომელზეც ქალაქის ხელისუფლებამ იზრუნა. ახლა მნახველები ამ ადგილას ნახავენ მშვენიერ პარკს, დიდ მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრს, თავისი მაღაზიებით, რესტორნებით, ღამის კლუბებით, მუზეუმებით, კინოთეატრებით, აქვეა მსოფლიოში ყველაზე დიდი მეტროსადგური.

მაგრამ ათწლეულების მანძილზე რაიონში სიტუაცია გაუარესდა, ღამით აქ საშიში იყო და სავაჭრო ცენტრი დატოვეს მაღაზიებმა. პარიზის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონკურსის ჩატარება ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის. ტერიტორია მთლიან რეკონსტრუირებულია და დაერქვა დე-ალის კვადრატი «Carreau des Halles».

 

მონმარტრი (Montmartre) ძველი რაიონია. აქ მდებარეობს საკრე-კიორის ბაზილიკა (Basilique du Sacré-Cœur). მონმანტრი ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ და თავის შედევრებს ქმნიდნენ ცნობილი მხატვრები.  რაიონში მდებარეობს ბევრი სტუდია და კაფე, რომლებიც დიდი მხატვრების სახელებთანაა დაკავშირებული. 


 
მონპარნასი (Montparnasse) – ძველი რაიონი სენის მარცხენა სანაპიროზე, ცნობილი მხატვრული სტუდიებით, მუზიკ-ჰოლებით და მრავალრიცხოვანი კაფეებით. აქ მდებარეობს დიდი მეტროსადგური მონპარნას-ბიენვენიუ. (Montparnasse – Bienvenüe) და ცათამბრჯენი მონპარნასის კოშკი. ეს არის 210 მეტრი სიმაღლის საოფისე ცათამბრჯენი. ეს შენობა, აგებული 1969-1972 წლებში, არის ყველაზე მაღალი საფრანგეთში და სიმაღლით მეცხრე ევროკავშირში.  



დისნეი-ლენდი. ისეირნეთ ზღაპრული კოშკების, თავგადასავლების, მხიარული მთების სამყაროში. 12 მილიონი დიდი და პატარა მნახველი მოწმობენ, რომ პარიზის დისნეი-ლენდი არის ევროპის ყველაზე უხვსტუმრიანი და საყვარელი ადგილი.  ატრაქციონებით, შოუებით და სანახაობებით სიამოვნებისთვის 2-3 დღე უნდა გამოყოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ. 

დისნეი-ლენდის მთავარი სანახაობა არის პარკი. აშშ-ს ”მაგიური სამეფოს” მსგავსად პარიზის პარკიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი თემების მიხედვით, რომლებიც უმშვენიერეს მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარს ერტყმიან. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ველურ დასავლეთს, სადაც მოჩვენებების სახლი და იდუმალი მთაა. 


 Adventureland, როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, თავგადასავლების სამყაროში მივყავართ, სადაც პირატებს და ავაზაკებს გადავეყრებით. Discoveryland პოპულარული სანახაობაა პარკში, რადგან აქაურობას ფიქტიურ მომავალში გადავყავართ. ფანტაზიების  ქვეყანაში განსაკუთრებით პატარა სტუმრებს უყვართ გასეირნება, რადგან აქ უოლტ დისნეის სამყარო ელოდებათ. დისნეის სტუდია-პარკში შესაძლებელია მისი ფილმების კულისებში შეხედვაც, ასევე სატელევიზიო სტუდიის დათვალიერება.